2019 წლის 28 მარტს 12 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს კონსტანტინე გამსახურდიას კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელის ინტერესებს იცავს საია და ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რაც დაზარალებულს უკრძალავს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების უფლებას.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის, კონსტანტინე გამსახურდიას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მიმართა პროკურატურას და მოითხოვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმის მასალების ასლები. ამის საპასუხოდ, ამირან გიგუაშვილს ეცნობა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, კონსტანტინე გამსახუდიას და მის ადვოკატს უფლება ჰქონდათ პროკურატურაში გასცნობოდნენ საქმეს, ხელით გაეკეთებინათ საქმიდან ამონაწერი, თუმცა საქმის მასალების ასლების გადაღების უფლებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. დაზარალებულისათვის სწორედ აღნიშნული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ დაზარალებულისათვის საქმის მასალების ასლების გაკეთების აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.