როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა.
გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და პირველ რიგში განვაცხადოთ, რომ გადაწყვეტილება თბილისის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ, მიღებული იქნა გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე. გადაწყვეტილების მსგავსი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია ასევე, რომ:
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე თბილისის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენად, ბაღი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც კანონით არის დადგენილი;
- მიუხედავად თბილისის მერიის განცხადებისა, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად, თბილისის მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ე.წ. დაკორექტირებული ტერიტორია არ განეკუთვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა;
- თბილისის ბოტანიკური ბაღის სტატუსის გათვალისწინებით, უცნობია ბაღის საკუთრებაში არსებული ფართის კორექტირების დროს ინფორმირებული იყო თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ორი ადმინისიტრაციული ორგანოს შესაძლო მონაწილეობის გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს.
საია და ტფილისის ჰამქარი კვლავაც მიადევნებს თვალს თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.