შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამინისტრომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, რომელთა დამუშავებისთვისაც კანონი განსაზღვრავს მაღალ სტანდარტს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ასევე სპეციალურ/განსაკუთრებულ კატეგორიად აღიარებს ევროპის საბჭოს კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ.“ შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში. მოცემულ საქმეში არ იკვეთება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები (მაგალითად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა), რაც ინფორმაციის დამუშავების ლეგიტიმურობაზე მიუთითებდა.
მართალია, ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესწავლა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან მოცემულ საქმეში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება არ არსებობდა. საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, სამინისტროს მხრიდან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნება, კონკრეტული დაავადებისა თუ სამედიცინო პრობლემის მითითების გარეშე, საკმარისი იქნებოდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
ამდენად, მოვუწოდებთ:
-შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო ყურადღებით მოეკიდოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების დამუშავებასა და გასაჯაროებას;
-პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს - შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.