საქართველოს სახალხო დამცველმა საია-ს საჩივრის საფუძველზე მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, რომ შეიტანოს ცვლილება სოციალური დახმარების მარეგულირებელ აქტებში.
საქმე შეეხებოდა მ. ს.-ის შვიდსულიან ოჯახს, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობს ვაზიანში. ოჯახის შემადგენლობაში შედის საქართველოს 6 მოქალაქე, რომელთაგან 4 არასრულწლოვანია, ხოლო ერთი კი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს უკანასკნელი მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა არ აქვს საქართველოში ცხოვრების ბინადრობის ნებართვა.
მ. ს.-მ არაერთხელ მიმართა გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მომსახურების სააგენტოს საარსებო შემწეობის მისაღებად. გარდაბნის რაიონულმა განყოფილებამ განმცხადებელს აცნობა, რომ შეწყდა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესი, რომლის განახლებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მისი ოჯახის წევრი გახდებოდა საქართველოს მოქალაქე ან მიიღებდა ბინადრობის ნებართვას.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ. ს. და მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრად შემოერთებამდე რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ამდენად, სტატუსის დაკარგვა სწორედ იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მათი ოჯახის ერთ-ერთ წევრი არ იყო საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, არ ჰქონდა ბინადრობის ნებართვა.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოქმედი სოციალური კანონმდებლობა იყო დისკრიმინაციული, რადგან არ ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან ბინადრობის ნებართვის არმქონე ოჯახის წევრის ყოლის შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იმგვარად უნდა მოახდინოს კანონმდებლობის მოდიფიცირება, რომ ერთი რომელიმე წევრის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობამ არ გამოიწვიოს სხვა წევრებისათვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.
მას შემდგომ, რაც მოხდება სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ოჯახის მდგომარეობა შეფასდება სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ და შეფასების შედეგების გათვალისწინებით მოხდება მისთვის სოციალური დახმარების გაცემა.