საია-ს თბილისის ოფისი იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელმაც 2010 წელს ქუჩაში ნაპოვნი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებები. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში არაეფექტურად მიმდინარეობდა. საია-ს დახმარებით დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ ,,სიცოცხლის უფლების კანონით დაცვა გულისხმობს ქმედითი გამოძიების ჩატარებას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის სიცოცხლე ხელყოფილია [...] სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არ არის შესრულებული ხარვეზიანი გამოძიების ჩატარებით, რომლის განმავლობაშიც დანაშაულის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირი ვერ დადგინდა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადამიანის ღირსების დაცვის უზრუნველყოფის საშუალებაა სამართლიანი დაცვა. სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს [...] სახელმწიფო მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს განცდას, რომელიც მათში უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მისი უფლებების დაცვის გარანტორი - კანონი ეფექტურად უნდა იქნეს აღსრულებული პრაქტიკაში.“
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფო არ იყო მოწოდებული ქმედითი გამოძიებით უზრუნველეყო საქმის დასრულება. ამგვარი მოქმედებით სახელმწიფო მოსარჩელეს უქმნის განწყობას, რომ კანონი მის მიმართ არ არის გამოყენებული სამართლიანად და ადეკვატურად და ქმნის უიმედობის განცდასა და იწვევს სასოწარკვეთას, რაც პიროვნების ღირსების ხელშეუვალობის პრინციპის დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი დაუშვებლოდ ცნო.