15 დეკემბერს 11.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” ერთად ჩაატარა აქცია “შევაჩეროთ ოჯახური ძალადობა”!
აქციის მონაწილეებმა რუსთაველისა და მარჯანიშვილის მეტროებთან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის 1 კორპუსთან და ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან სპეციალური ბუკლეტები და ბროშურები დაარიგეს.
ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია. ამ სენისაგან არცერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არც კი აღქვამს ამ მოვლნას სოციალურ პრობლემად.
საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის პრობლემა აღიარა, რაც გამოიხატა 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.
ჩვენი აქციის ძირითადი მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობაა.
აქცია საია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.