სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შემაჯამებელი პრეზენტაცია „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“

2016-03-31 14:26
Featured image

2016 წლის 31 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტი „ინფორმირებული მოქალაქეები საჯრო სამსახურში“ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  

პროექტის მიზანს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის, თვითმმართველობებისა და მოქალაქეთა თანამშრომლობისა და ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საუკეთესო მოდელის იდენტიფიცირება წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა ჩართულობის, ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების გაზრდისა და ადგილობრივ მოქალაქეებთან თანამშრომლობის მიზნით, პროექტის სამოქმედო არეალში, კერძოდ თბილისის[1], რუსთავის, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, გორისა და ახალციხის თვითმმართველ ქალაქებში შეიქმნა აქტიურ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები, რომელთაც მოახდინეს ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირება, დაგეგმეს საადვოკაციო კამპანია და ჩაერთვნენ თვითმმართველობის პროცესში (საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა და საკრებულოს სხდომებზე დასწრება, სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართვა,  საბიუჯეტო პროცესებში ჩართვა, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ა.შ.).

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საუკეთესო მოდელის იდენტიფიცირებისა და  ჩართულობის პროცესში მონაწილე ყველა მხარის, როგორც მოქალაქეთა, ასევე ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენელთა მოსაზრებების შეჯერებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის, პროექტის გუნდმა საკრებულოსა და გამგეობის/მერიის წარმომადგენლების გამოკითხვა განახორციელა. გამოკითხვაში ადგილობრივი თვითმმართველობის 102 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შემდგომ თითოეულ სამიზნე მუნიციპალიტეტში შეხვედრები მოქალაქეთა და თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართულობით გაიმართა, რათა მომხდარიყო ორივე მხარის განწყობებისა და დამოკიდებულებების გაცნობა, პროექტის მიგნებების, გამოწვევების გაზიარება და მათ საფუძველზე ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

მართალია, თვითმმართველობის ორგანოები ბევრად საჯარო და ღია გახდა, ასევე, კანონმდებლობამ განსაზღვრა თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობის უფლების ეფექტური განხორციელებისთვის, თუმცა მნიშნველოვანია, რომ თვითონ მოქალაქეები, ადგილობრივი არასამთავრობო  და სათემო ორგანიზაციები აღჭურვილნი იყვნენ უნარ-ჩვევებითა და რესურსით, რომელიც დაეხმარება თავიანთი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისა და თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური და ეფექტური ჩართულობისთვის.

პროექტის იმპლემენტაციის პერიოდში მიღწეული მიგნებებისა და დაფიქსირებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, შეიძლება გამოვყოთ ძირეული საკითხები, რომელთა მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა მოქალაქეთა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობის გაუმჯობესების  კუთხით, კერძოდ:

 

- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშგების ხარისხის გაზრდა;

- ადგილობრივი თვითმმართველობების  რეალური დეცენტრალიზაცია და კომპეტენციის ხარისხის გაზრდა;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ინტერესების გათვალისწინება;

- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული თანამონაწილეობის ახალი ფორმების პრაქტიკაში განხორციელება.

 

პროექტის ,,ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში'‘ განხორციელება შესაძლებელი გახდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.  გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


[1] თბილისში დაიფარა გლდანისა და დიდუბის რაიონი;