19-21 ოქტომბერს საიას იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ეგიდით ორგანიზება გაუკეთდა აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრას. შეხვედრას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საერო ინსტიტუტი “რვალი”-ს, საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
იურიდიული ფაკულტეტის სტრუქტურა;
საბაკალავრო პროგრამა;
სასწავლო პროცესის მართვა;
სამაგისტრო პროგრამები;
დოქტორანტურა.
საუბარი იყო რამოდენიმე პრობლემატურ საკითხზე, რომელიც უკავშირდება როგორც უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. დაისახა გეგმები მომავალი თანამშრომლობისთვის და განისაზღვრა საკითხები, რაზეც მომავალში შესაძლებელია გაიმართოს ამ ტიპის შეხვედრები.
საიამ სასწავლებლებს შეთავაზა უახლოეს მომავალში წარმოადგინონ მოკლე ინფორმაცია თავიანთი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ განვათავსებთ ჩვენსავე ვებ-გვერდზე (www.gyla.ge) ბმულებთან ერთად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მომხმარებელი პირდაპირ გავიდეს კონკრეტულ სასწავლებელზე და მოიძიოს იურიდიულ სწავლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აგრეთვე განთავსდება ინფორმაცია იმ უცხოური პროგრამების შესახებ, რომელიც სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლებას.
შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმაციული, რომელიც საშუალებას მისცემს საიას კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს და გამოკვეთოს პრიორიტეტები მისი ერთ-ერთი საწესდებო მიზნის - იურიდიული პროფესიის განვითარება - მისაღწევად.