2 მარტს, ქართული კოალიციის წევრი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო სამართლიანობა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი) სოფელ მოხისში ჩავიდა, სადაც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია წარმოადგენს ომის შედეგად დაზარალებული ასობით ადამიანის ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში.
შეხვედრა განხორციელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო (ჰააგის) სასამართლოს (ICC) მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, რომელიც სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2 წლის წინ დაიწყო.
სოფელ მოხისის დევნილთა ჩასახლებაში აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო დაზარალებულებთან გასაუბრება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე იმ საჭიროებების კვლევა, რაც ჩასახლებაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითვა განხორციელდა სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით. შეგროვებული ინფორმაცია ანალიტიკური დამუშავების შემდეგ, მიეწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებს და დაზარალებულთა ნდობის ფონდს. გარდა ამისა, კოალიციას დაგეგმილი აქვს ანალოგიური გამოკითხვის ჩატარება სხვადასხვა ჩასახლებებში და მოგროვებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური ანგარიშის მომზადება, რომელიც ომიდან 10 წლის შემდგომ არსებული მდგომარეობის აღწერას მოიცავს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ დაზარალებულებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.