სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

2013-11-19 05:14
Featured image

ხელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა:  - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა.

ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით არ არის განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება განსაკუთრებულ შემთხვევებში  და რა მოიაზრება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაში. აღნიშნული ორი გარემოება კი  გადაწყვეტილების მიღების პროცესში სუბიექტურობის მაღალ საფრთხის შემცველია და შესაძლოა, უარყოფითად აისახოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. 

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში განხილვა, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების უხეში დარღვევით ხდება. კერძოდ, წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა კანონპროექტი მისი მიღებიდან მესამე დღეს განიხილა, მაშინ, როდესაც, რეგლამენტის თანახმად, ასეთ მცირე ვადაში კანონპროექტის განხილვა აკრძალულია. ამასთან, კომიტეტმა ინფორმაცია სხდომის შესახებ, სხდომამდე ერთი საათით ადრე გამოაქვეყნა, თუმცა რეგლამენტით ერთი დღით ადრე გამოქვეყნების ვალდებულებაა დადგენილი. ხოლო, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ინფორმაცია კანონპროექტის განხილვის შესახებ საერთოდ არ გამოუქვეყნებია. 
 
რეგლამენტის აღნიშნულმა დარღვევებმა დაინტერესებულ პირებს ჩამოგვართვა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის, მოსაზრების გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება. კანონპროექტის გაუმჭვირვალედ განხილვის ფაქტი კი თავისთავად მეტყველებს ამომრჩევლებისა და ზოგადად მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულების დეფიციტზე საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.
 
საყურადღებოა, რომ კანონპროექტის თანახმად, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების უფლება ყველა იმ უწყებას ენიჭება, ვინც საქართველოს მთავრობის წინაშე  შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლებით სარგებლობს. აღნიშნულ პირთა წრე კი იმდენად დიდია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ამ პროცესის ეფექტურად მართვასა და კონტროლს.
 
ხელმომწერ პირებს დამაფიქრებლად მიგვაჩნია ის, რომ  საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი დადებითი დასკვნა. კანონპროექტის  მომზადება არ წარმართულა საჯარო დისკუსიების ფონზე და ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ შესაბამისი დარგის გამოცდილ ექსპერტებს და სპეციალისტებს. 
 
როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, გვსურს შევახსენოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და არ უფლება. ამასთან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრეს მიზანს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია იმ ტიპის კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებს არ ემსახურება და არსებითად აუარესებს მის მდგომარეობას.
 
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ იმ ფონზე, როდესაც არსებული სამართლებრივი რეგულაციების პირობებშიც კი, ბოლო წლებში რეაბილიტაცია-რესტავრაციიის სახელით არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა განადგურდა. ხოლო, ძეგლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არსებითად იცვალა სახე:
 
საქართველოს პარლამენტმა, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას და ძალაში დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მოქმედი ის ნორმა, რომელიც ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე შესაბამის რეგულაციებს ითვალისწინებს;
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია, თუ რამდენად სერიოზული საფრთხეების შემცველია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით  აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება;
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განუმარტოს საზოგადოებას, თუ კონკრეტულად რა ინტერესები დევს აღნიშნული კანონპროექტის მომზადების მიღმა და სინამდვილეში რა იგულისხმება კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული „საზოგადოებირივი მნიშვნელობის გარკვეული შემთხვევების“ უკან.
 
ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და მითუმეტეს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების დროს, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მაქსიმალურად უზურნველყონ საზოგადოების შესაბამის ჯგუფების ჩართულობა და ხელი შეუწყონ ამ ტიპის პროცესების საჯაროდ წარმართვას.  
 
ხელმომწერები:
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ტფილისის ჰამქარი
ICOMOS საქართველო
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
საზოგადოება ბათომი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH)
იდენტობა
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრვალეროვანი საქართველო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი (FDDI)
ლგბტ საქართველო
საინფორმაციო ცენტრების ქსელი
წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი–ბათუმი
საზოგადოებრივი დამცველი
 
განცხადება ღიაა ხელმოსაწერად, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის.