ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის. ასევე სამართალდარღვევად ცხადდება ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა და რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან/და მათი დაზიანება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას აღნიშნული კანონის მიღება, რადგან ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს, მისი მიღება არ გამომდინარეობს უმცირესობათა დაცვის ინტერესებიდან და საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე არსებობს რეალური საფრთხე, რომ მისი მოქმედება სწორედ ამ უკანასკნელთა, ასევე ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გავრცელებამდე კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი
პოზიცია ღიად დააფიქსირა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა საბჭომაც, რომელთა წევრი რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამ განცხადების ხელმომწერიცაა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი „საფარი“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი ALPE
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
თავისუფლების ინსტიტუტი
ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია
მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი
მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები
სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი