თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის პოზიციაზე. იგი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ერთ დღესაც მისი მხრიდან განხორციელებული ქმედებები არ აღმოჩნდა მისი უშუალო ხელმძღვანელისთვის მისაღები. შედეგად, ნაცვლად სამსახურებრივი შემოწმების დაწყების მოთხოვნით გენერალური ინსპექციისთვის მიმართვისა, მან მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და დასაქმებულს მოსთხოვა სამსახურებრივი იარაღის ჩაბარება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული ცხადდებოდა სამსახურში, მისი ხელმძღვანელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ აძლევდა საშუალებას განეხორციელებინა მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობები.
საბოლოოდ, უწყებამ ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე მხოლოდ ხელმძღვანელი პირის პირადი შეხედულებების გამო მოსარჩელე სხვა განყოფილებაში გადაიყვანა. ამასთან, მის წინააღმდეგ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასაქმებულმა უკანონო სამსახურებრივი გადაადგილების გამო თავად მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ამასთან, გამოიკვეთა მისი უშუალო ხელმძღვანელის თვითნებური მოქმედების ფაქტიც.
დასაქმებულმა საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის მოქმედება, პირადი წყენისა და ბრაზის საფუძველზე დასაქმებულისთვის შეეზღუდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენდა მის ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პოლიციელებთან დაუსაბუთებელ და განსხვავებულ მოპყრობას კანონიერი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, სახეზე იყო დისკრიმინაციული მოპყრობა და სწორედ ეს დაედო საფუძვლად სამსახურებრივ გადაადგილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა (მოსამართლე დავით წერეთელი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და დააკისრა მას მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ სამსახურებრივი გადაადგილება მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ პოზიციაზე აღდგენასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დადგინდა, რომ უკანონოა ხელმძღვანელის პირადი განწყობების საფუძველზე დასაქმებულების თვითნებური გადაყვანა ერთი ტერიტორიული ორგანოდან მეორეში.
გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.