უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებული ძმის გარდაცვალების გამო დას აუნაზღაურდა მორალური ზიანი.
საქმეში სასამართლომ დაადგინა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან მსჯავრდებულის სიცოცხლის უფლების დარღვევა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ სამინისტროს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევად მიიჩნია მსჯავრდებულისთვის დაგვიანებული სამედიცინო მომსახურეობის გაწევა. დადგენილია, რომ მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების დროისთვის არ აღენიშნებოდა ის პრობლემა (თირკმლის უკმარისობა), რამაც საბოლოო ჯამში, 2012 წელს მისი გარდაცვალება გამოიწვია. დაავადება სწორედ სასჯელის მოხდის პერიოდში ჩამოყალიბდა და განვითარდა. პატიმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოთქვამდა ჩივილებს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პერსონალს აძლევდა კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას. ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემის გამოვლენა და ინტენსიური მკურნალობა გაზრდიდა პაციენტის გადარჩენის შანს.
სასამართლოს განმარტებით, პატიმრობის პერიოდშიც პატიმარს უნდა ჰქონდეს ექიმისადმი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროს, მისი დაკავების მიზეზის მიუხედავად. ჯანდაცვის სერვისი კი, იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ შესაძლებელი გახადოს პატიმრისათვის ექიმთან კონსულტაცია დამატებითი დაყოვნების გარეშე.