საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 22 იანვარს სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და არ დააკმაყოფილა მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კონკრეტული საქმისთვის გააჩნია კრიტიკული მნიშვნელობა. სწორედ ეს მექანიზმი იძლევა შესაძლებლობას დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, უზრუნველყოფილი იყოს მშენებლობის შეჩერება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შესაბამისი ეფექტი სასამართლოში დავას და არ დაბრკოლდება მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა განხორციელდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით და იგნორირებულია ფუნდამენტური პრინციპები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება და საჯაროობა.
სამშენებლო ნებართვა გაცემულია იმ პირობებში, რომ არაა ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშები, შესაბამისად, შეუსწავლელია განსახორციელებელი პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. ეს იმ პირობებში, რომ სამშენებლო საქმიანობის წარმართვა იგეგმება ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლში. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის ისტორიული ნაწილი ფაქტობრივად კარგავს კავშირს ზღვასთან.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე არსებულ განჩინებაში მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითა სამართლებრივი ნორმები და მასში სასამართლოს არგუმენტაცია არ იკითხება. სასამართლო განჩინებაში მხოლოდ უთითებს, რომ „განსახილველ შემთხვევაში მხარე ვერ ასაბუთებს სადაო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელ აუცილებლობას, მხარე ვერ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მათ ან საკითხის არსებით განხილვამდე შეუძლებელს გახდის მათი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვას.“
აშკარაა, რომ სასამართლო განხილვის დასრულებამდე სამშენებლო სამუშაოების არ შეჩერების შემთხვევაში დავა სრულად ილუზორული გახდება და შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მთლიანად ქალაქს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.