28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ერთად ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 2002 წლის 28 სექტემბერს სოფიაში შეკრებილმა მსოფლიოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საზეიმოდ დააარსეს. მას შემდეგ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყოველ 28 სექტემბერს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ საერთაშორისო ფუნდამენტური უფლების პოპულარიზაცის მიზნით ფართოდ გამოიყენება ტელევიზიის, პრესის, რადიოსა და მასმედიის სხვა საშუალებები, იმართება სხვადასხვა სახის აქციები. აღსანიშნავია, რომ ეს დღე საქართველოში წელს უკვე მეორედ აღინიშნება.
28 სექტემბერს, საქართველოს 8 რეგიონის 8 სკოლაში, ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ერთად საჯარო გაკვეთილებს ჩაატარებს. ღია გაკვეთილზე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ინფორმაციული ბროშურა, “შენ უფლება გაქვს: იცოდე.. მოითხოვო... მონაწილეობა მიიღო...” და გაკვეთილების ცხრილი დაურიგდებათ, რომელიც, ასევე, ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
28 სექტემბერს, ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიხსნება ინფორმაციის თავისუფლების ცხელი ხაზი (96 35 39), რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით უფასო იურიდიული დახმარება გაეწევა. უფასო იურიდიული კონსულტაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ონლაინ კონსულტაციის მეშვეობითაც, მისამართზე: www.gyla.ge
ასოციაციამ ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით გამოკითხვაც ჩაატარა, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ან დაგვიკავშირდეთ: 96 35 39