საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის უფლებების დარღვევა აღიარა
2010 წლის 18 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით, საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ვახუშტი მენაბდის სახელით, რომელიც, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, 2009 წლის 15 ივნისს საპროტესტო აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა.
2015 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. მიღებული განჩინებით ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ“.
საჩივარი ეხება 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც ამ უკანასკნელთა მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა არაპროპორციული ძალა. აღნიშნული აქციის მიმდინარეობას, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, უფლებადამცველი ვახუშტი მენაბდე აკვირდებოდა, რომელსაც აქციის სხვა მონაწილეებისაგან განასხვავებდა სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური ფორმა შესაბამისი წარწერით და კეპი. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა მენაბდის მიმართ აქციის დაშლის პროცესში გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგად მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. პოლიციელებმა მენაბდე დააკავეს და მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, ვ. მენაბდე სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს, რადგან დაადგინეს, რომ ის სპეციალური მანდატის ფარგლებში- სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის რანგში აკვირდებოდა აქციის მიმდინარეობას და აქციის მონაწილეს არ წარმოადგენდა.
2009 წლის 15 ივნისის შემდეგ ვახუშტი მენაბდემ საქართველოს მთავარ პროკურატურას მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან აქციის დაშლისას განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2009 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა დღემდე დამნაშავე პირები არ არიან იდენტიფიცირებულები და მოთხოვნის მიუხედავად, მომჩივანს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის უქონლობის გამო, ვ. მენაბდე, ევროპული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, არ არის სათანადოდ ჩართული გამოძიების პროცესში და მას არ გააჩნია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციით საქართველოს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) პროცედურული ნაწილის, მე-5 მუხლის (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) პირველი და მე-2 ნაწილების დარღვევა. ამასთან, მთავრობამ 2009 წლის 15 ივნისს ვახუშტი მენაბდისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარების და მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.
საია აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიების ჩატარება სავალდებულო პირობაა. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი ევროპულ სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღსდგება.
შეგახსენებთ, რომ საიამ ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, დამატებით ორი დამოუკიდებელი საჩივრით მიმართა, რომელზეც სამართალწარმოება უკვე დასრულებულია. წინამდებარე საქმის მსგავსად, ზემოაღნიშნულ ორ საქმეშიც საქართველოს მთავრობამ მომჩივანთა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა.