დღეს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით.
მოწმის დაკითხვის ახალი წესი აუქმებს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებულ გაუმართლებელ უპირატესობებს და ამ გზით უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარე სავალდებულო წესით ვეღარ მიიღებს მოწმის ჩვენებას. სანაცვლოდ მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ თანაბარ პირობებში სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაიკითხება.
მოწმის დაკითხვის ახალი წესის 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადავადება ცალსახად უარყოფითი ფაქტია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ამასთანავე აღნიშნული ცვლილების მიღება შეაფერხებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებას და კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს სისხლის სამართლის პროცესში მხარეების არათანასწორ მდგომარეობას.
აღნიშნული ნორმის ამოქმედების გადავადებას უკვე პერმანენტულ ხასიათი მიეცა. მსგავსი მიდგომა კი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის ნებას დაამკვიდროს ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული სტანდარტები. ამასთან პრაქტიკა ლახავს კანონის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებაში უსამართლობის შეგრძნებას ამკვიდრებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს მთავრობის ინიციატივას და არ გადაავადოს მოწმის დაკითხვის ახალი წესის მიღება, ასევე შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული როლი და თავად განსაზღვროს სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი