სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2011 წლის 3 იანვრის ვეტერანთა აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა

2017-05-08 17:29
Featured image

2011 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საპროტესტო აქციის მონაწილე პირთა სახელით. 2017 წლის 4 მაისს  ევროპულმა სასამართლომ  ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა[1].  

საჩივარი ეხება 2010 წლის 27 დეკემბრიდან 2011 წლის 3 იანვრის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე  მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. აქციის ორგანიზატორები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ვეტერანები იყვნენ, რომლებიც ვეტერანთათვის დაწესებული სოციალური შემწეობების ოდენობის მკვეთრ შემცირებას აპროტესტებდნენ.  2011 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივნები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრეს.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

2015 წლის 1-ელ ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებთან მიმართებით.

2016 წლის 3 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა. საქართველოს მთავრობამ  მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო  კონვენციის მე-3 (პროცედურული ნაწილი) და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.  

მომჩივნები საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ. მიღწეული მორიგების საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

ფოტო:რადიო თავისუფლება


[1]http://hudoc.echr.coe.int/eng#{"respondent":["GEO"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER","DECISIONS"],"itemid":["001-173587"]}