სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად მიჩნევის საკითხს სასამართლო განიხილავს

2020-08-11 15:29
Featured image

12 აგვისტოს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს საია-ს სარჩელს, რომელიც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით არის წარდგენილი. სარჩელი შეეხება ქვეყანაში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად ცნობას.

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის შესახებ რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით, განსხვავებული მიდგომა დაუწესდათ.[1] კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და ამავე ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის უფლებით მცხოვრები პირები საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაციას ან კარანტინს, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამავე ქვეყნებში ცხოვრობენ წლების განმავლობაში და არ გააჩნიათ ბინადრობის მუდმივი უფლება - საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაცია მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს და მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 


[1] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ";

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“.