სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტისთვის წარდგენილი კრიტიკული ანგარიში

2022-04-08 10:18
Featured image

2022 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოთხოვნით გარე მკვლევარის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ. ანგარიში მოიცავს 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს.[1] ანგარიშის ავტორია სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის კოლეჯის მოწვეული ლექტორი, ლორა დელკური. ანგარიშში მოცემული შეფასებები ეყრდნობა როგორც პირველწყაროებს (მაგ. კანონის ჩანაწერები, პოლიტიკური დოკუმენტები, სტატისტიკური მონაცემები, ინტერვიუები), ასევე ისეთ მეორეულ წყაროებს, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიერ უკვე გამოქვეყნებული ანგარიშები და შეფასებები.[2]

აღსანიშნავია, რომ ანგარიშზე მუშაობის პროცესში ავტორმა კონსულტაციები გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთანაც (საია). შესაბამისად, ანგარიშში არაერთხელ არის მოყვანილი საიას შეფასებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.[3]

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან და, განსაკუთრებით 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული, საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.[4] მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია მზარდია, შემცირებულია სივრცე წინააღმდეგობისთვის, ხოლო პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა თანდათანობით დაკარგეს საკუთარი არსი.[5]

ანგარიშში ნახსენებია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად წარმოქმნილი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომლის გადაჭრის შესაძლებლობასაც პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება იძლეოდა. ანგარიშის მიხედვით, 19 აპრილის შეთანხმება ქმნიდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების პერსპექტივას, თუმცა მისმა ანულირებამ კიდევ უფრო შეამცირა ნდობა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ.[6] საია მხარს უჭერდა 19 აპრილის შეთანხმებას, მიიჩნევდა რა, რომ მან მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და დემოკრატიულ განვითარებას. საიას აზრით, 19 აპრილის შეთანხმებაზე უარის თქმით მმართველმა პარტიამ უარი თქვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე.[7]

ანგარიში ასახელებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზღვრის წაშლა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მმართველ პარტიას შორის.[8] ამ პრობლემებზე საია მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას თავის შუალედურ ანგარიშებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი მონიტორინგის პროცესში კი არაერთი საჩივარი წარადგინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.[9]

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში ასევე უარყოფითად აფასებს არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის წესის შეცვლას.[10] კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებდა ე.წ. ანტიკრიზისული მექანიზმის არსებობას, რომლის მიხედვითაც თუ ცესკოს წევრის ან თამჯდომარის არჩევისას პირველ ჯერზე ვერ შეგროვდებოდა საკმარისი ხმები, კანდიდატს მეორე (2/3-ის უმრავლესობით), მესამე (3/5-ის უმრავლესობით), მეოთხე (უბრალო უმრავლესობით) ჯერზე ეყრებოდა კენჭი. კენჭისყრებს შორის დადგენილი იყო 4 კვირის ინტერვალი. დეკემბრის ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩევიან არანაკლებ 2/3-ით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ასევე გაუქმებულია კენჭისყრებს შორის ინტერვალი.[11] საიას შეფასებით, ცესკოს წევრის შერჩევის წესის ცვლილება ეწინააღმდეგება კონსენსუსზე ორიენტირებულ პოლიტიკას, გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტად აღრმავებს პოლარიზაციას და ნეგატიურად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობაზე.[12]

 

ანგარიში განსაკუთრებით კრიტიკულია მართლმსაჯულების რეფორმის მიმართ. ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მიუხედავად სასამართლოს რეფორმების შედეგად განხორციელებული პროცედურული ცვლილებებისა, ხელშეუხებელი რჩება ძალაუფლების რეალური ბალანსი - სასამართლო სისტემას გავლენიან მოსამართლე ჯგუფი „კლანი“ აკონტროლებს.[13] ანგარიში ასევე ახსენებს შარლ მიშელის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, უზენაესის სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების პროცესის განახლებას. 19 აპრილის შეთანხმებისა და ასოცირების ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ბუნდოვანი პროცედურისა და ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე მოსამართლეთა დანიშვნებმა საბოლოოდ განაპირობა ის, რომ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები „არც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსზე და არც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობაზეა“ დაფუძნებული.[14] საია ეწინააღმდეგებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელებას[15] და ადვოკატირებდა ისეთი რეფორმების განხორციელებას, რომელიც სასამართლოში ძალთა ბალანსის რეალურ ცვლილებას გამოიწვევდა.[16]

ევროპარლამენტისთვის მომზადებული ანგარიში ასევე ეხება 5 ივლისის მოვლენებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ანტიკორუფციული და დეცენტრალიზაციის რეფორმების შეფერხებას და მათი შეფასებისას ეყრდნობა, მათ შორის საიას, მოსაზრებებსაც. საბოლოოდ, ანგარიში ასკვნის, რომ 2020-2021 წლებში საქართველომ სერიოზული უკუსვლა განიცადა იმ დემოკრატიული ღირებულებებისა და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაში, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.[17]

 


[1] ხელმისაწვდომია: https://civil.ge/archives/483669, განახლებულია: 07.04.2022.

[2] ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu, განახლებულია: 07.04.2022.

[3] იხ. 37, 38, 39, 43, 46, 51, 52, 65.

[4] ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu, 35, განახლებულია: 07.04.2022.

[5] იქვე, 35.

[6] იქვე, 36.

[7] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge, განახლებულია: 07.04.2022.

[8]  ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu, 36, განახლებულია: 07.04.2022.

[9] ხელმისაწვდომია: https://www.gyla.ge/files, 5, განახლებულია: 07.04.2022.

[10] ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu, 36, განახლებულია: 07.04.2022.

[11] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files, განახლებულია: 07.04.2022.

[12] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post,  განახლებულია: 07.04.2022.

[13] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post, განახლებულია: 07.02.2022.

[14] ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD, 42, განახლებულია: 07.04.2022.

[15] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post, განახლებულია: 07.04.2022.

[16] ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post;  https://gyla.ge/ge/post, განახლებულია: 07.04.2022.

[17] ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu, 37, განახლებულია: 07.04.2022