2019 წლის 2-7 დეკემბერს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-18 სხდომა გაიმართა. ასამბლეა, რომელიც 123 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შედგება, ჰააგის სასამართლოს მმართველობის საზედამხედველო და საკანონმდებლო ორგანოა და მინიმუმ, წელიწადში ერთხელ იკრიბება.
ასამბლეის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებსა და სხვადასხვა შეხვედრებში მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი, საერთაშორისო სამართლიანობა და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
6 დეკემბერს კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაზარალებული პირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ღონისძიების ფარგლებში კოალიციის წევრებმა დაზარალებული მოსახლეობის არსებულ მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე, ჰააგის სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიებაზე, მიმდინარე პროცესებსა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ვიზიტის დროს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე, ჰქონდათ ჰააგის სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან და სასამართლოსთან არსებულ დაზარალებულთა ნდობის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. კოალიციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული გამოძიების მნიშვნელობაზე მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგაც კი არ მომხდარა დამნაშავე პირთა გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემა დაზარალებულთა დარღვეული უფლებების და სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ამასთან, კოალიციის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს დაზარალებულთა ნდობის ფონდის მხრიდან ომის შედეგად დაზარალებულთა მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერის პროგრამების დროულად განხორციელების საჭიროებაზე.
თავის მხრივ, პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ საქართველოს სიტუაციის გამოძიებას თან ახლავს არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ომის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის გასვლა და რუსეთის უარი სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, პროკურორის თქმით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გამოძიება გარკვეულ შედეგებამდე მივიდეს. თუმცა, მიმდინარე პროცესის კონფიდენციალური ხასიათისა და გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით დამატებით სხვა დეტალების გამჟღავნებისგან პროკურორმა თავი შეიკავა.
დაზარალებულთა ნდობის ფონდის წარმომადგენლებმა ასევე, აღნიშნეს, რომ ამჟამად ფონდი ახორციელებს აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ პირთა მდგომარეობის შეფასებას, რის საფუძველზეც 2020 წლის მაისში ფონდის გამგეობა გადაწყვეტს საქართველოში ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით კონკრეტული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების საჭიროების საკითხს.
ამასთან, 2 დეკემბერს, წევრ სახელმწიფოთა ასამბლეაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის კვოტით მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატის წარდგენას გეგმავს.
ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წევრ სახელმწიფოთა ასამბლეამ 6 ვაკანტურ ადგილზე უნდა აირჩიოს შესაბამისი მოსამართლეები 9 წლის ვადით. სასამართლოს არსებობის მანძილზე, საქართველოდან არასდროს ყოფილა მოსამართლე არჩეული. მომავალ ასამბლეაზე წევრი სახელმწიფოების საკმარისი ხმების დაგროვების შემთხვევაში საქართველოდან ნომინირებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, დაიკავოს საპატიო ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის და შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოს კოალიცია მიესალმება საქართველოდან მოსამართლის ნომინირების იდეას განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ანგარიშში „10 წელი აგვისტოს ომიდან - დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ კოალიციის ერთ-ერთ რეკომენდაციას სწორედ ნომინირებისთვის მოსამართლის კანდიდატურის შესარჩევი პროცედურის შემუშავება წარმოადგენდა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ეროვნულ დონეზე მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და სამართლიანად, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია, მათ შორის, შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
- შეიმუშაოს ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატების ნომინირების წესებს;
- შექმნას დამოუკიდებელი კომისია, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და იურიდიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატების შესარჩევი პროცესის ჩატარებას და მათი კვალიფიკაციის შეფასებას;
- კანდიდატის შერჩევის პროცესში თავი შეიკავოს იმ პირის ნომინირებისგან, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა მთავრობის მოხელედ, დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩათვლით და უზრუნველყოს ნომინირების თანაბარი შანსის შექმნა იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ პოლიტიკური და სამთავრობო კავშირები.
მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში ამ კრიტერიუმების გათვალისწინება უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატის შერჩევას. საქართველოს კოალიაცია თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან მოსამართლის ნომინირების პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი