სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ

2014-03-22 06:05
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" ეხმიანებიან 2014 წლის 18 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომას და საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ   2005-2006 წლებში მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მიღებული ინფორმაციის ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებას უარყოფითად აფასებენ. კერძოდ, საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა. დოკუმენტი ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების -მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის,  თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევის უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე უკანონოდ შეწყვეტას. 
 
პარლამენტის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ დასახელებული მოსამართლეების მიმართ 2005-2006 წლებში წინა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ და თვითნებურად განხორციელდა დისციპლინური დევნა... დისციპლინური დევნის განხორციელების დროს ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხელყოფას, მოსამართლეთა უფლებების უხეშ დარღვევას.
 
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ დისციპლინური დევნის პროცესში არაერთგზის ადგილი ჰქონდა მათ დაბარებას და იძულებას, განცხადების ნებაყოფლობით დაწერის თაობაზე.... დასახელებული მოსამართლეების მიმართ ყოფილი ხელისუფლების სამივე შტოს მხრიდან დასტურდება პოლიტიკური მოტივით დევნის ფაქტი.
 
აღსანიშნავია, რომ დასკვნაში ასევე მითითებული იყო ვენეციის კომისიისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებული უარყოფითი შეფასებები ზემოაღნიშნულ მოსამართლეთა დისციპლინური წესით გათავისუფლების საქმესთან დაკავშირებით.
 
იმავე სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა წარმოადგინეს დასკვნა აღნიშნული მოსამართლეების მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის საკითხზე, რომელშიც დეტალურად იყო გაანალიზებული მოცემული საქმის სამართლებრივი ასპექტები. დასკვნას თან ახლდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მომხდარი მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დარღვევად იყო მიჩნეული; გადაწყვეტილების პროექტში ასევე უარყოფითად იყო შეფასებული მოსამართლეებზე ზეგავლენების წინა წლებში გავრცელებული პრაქტიკაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების აზრით, საბჭოს ასევე უნდა მიემართა პარლამენტისათვის საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების წინადადებით, რათა დადგინდეს დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
 
მიგვაჩნია, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისათვის  შეფასების მიცემა არ იქნებოდა იუსტიციის უმღლესი საბჭოს მიერ  დისციპლინურ საქმეზე წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის ტოლფასი, რაზეც აპელირებდნენ საბჭოს მოსამართლე წევრები და რის გამოც არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული არცერთი რეკომენდაცია მხარდაჭერილი არ იქნა. ვფიქრობთ, რომ საკითხის შინაარსის,  სიმწვავის და საბჭოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ემსჯელა დასკვნაში მოცემული ფაქტების და საკითხის სამართლებრივი ასპექტების შესახებ, რაც გახდებოდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების საფუძველი. საბჭოს მოსამართლე წევრებს შეეძლოთ გაეზიარებინათ არამოსამართლე წევრების მიერ სხდომაზე წარმოდგენილი პოზიცია. მაგალითად, ის, რომ დაუშვებელია მოსამართლეთათვის პენსიებისა თუ სხვა სიკეთეების დაპირებით მათთვის თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვების შეთავაზება,  სამსახურიდან წასვლაზე მათი სხვა მეთოდებით დაყოლიება თუ იძულება; რომ დაუშვებელია დისციპლინური პროცედურების გამოყენება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საზიანოდ, მათი  დაშინებისა და დათრგუნვის მიზნით და სხვ.
 
გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეძლო ემსჯელა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე და შეემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაცია ან საკანონმდებლო წინადადებით მიემართა პარლამენტისათვის. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობა პარლამენტის უფლებამოსილებაა. საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ საბჭოს არათანმდიმდევრული პოლიტიკა წარმოაჩინა, ვინაიდან წარსულში საბჭოს არაერთხელ მოუმზადებია კანონპროექტი და ასევე გამოუხატავს პოზიცია პარლამენტში განსახილველ ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით.
 
მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, როგორც ნებისმიერი მოსამართლის დასაცავად, მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად, ისე სასამართლოს საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. საბჭოს დამოკიდებულებები მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან საკითხებისადმი უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთგვაროვანი, პრინციპული, რაიმე სახის პოლიტიკური თუ ვიწრო ჯგუფური ინტერესებისგან შორს მდგარი. მხოლოდ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი დამოკიდებულება შექმნის იმის საფუძველს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სათანადოდ შეასრულოს უაღრესად საპასუხისმგებლო კონსტიტუციური ფუნქციები და სასამართლო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებს წარმატებით გაართვას თავი.