საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის სწორად განსაზღვრას, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას ენიჭება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში დაჩქარებულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის რღვევა, ქვეყანაში შექმნილი არაერთი კრიზისისა და პოლიტიკური კატაკლიზმის საფუძვლად იქცა. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ 2009 წლის აპრილში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების ფონზე შეიქმნა. ამასთან საგულისხმოა, რომ კომისიის შექმნის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის აღდგენაში პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, როგორც პროექტის მომზადებისა და განხილვის პროცედურებზე დაკვირვებით ჩანს, აღნიშნული პროცესი არაეფექტურად მიმდინარეობს. კერძოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის დღემდე უცნობია ქვეყანაში მოქმედი გავლენიანი პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის საფუძველი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის პროექტი საერთო-სახალხო განხილვისათვის საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პასიურ დროს, 2010 წლის 21 ივლისს გამოქვეყნდა, ხოლო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა აგვისტოში მიმდინარეობს.
კონსტიტუციური კანონპროექტის ძალაში შესვლამდე (2013 წელი) დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის ამგვარი ფორმითა და ხსენებულ პერიოდში (აგვისტო) განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2009 წლის ივნისში ხელისუფლებამ თავის პოლიტიკურ ოპონენტებს შესთავაზა აქტიურად ჩართულიყვნენ კონსტიტუციის პროექტის მომზადებასა და განხილვაში, რაზედაც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან უარყოფითი პასუხი მიიღო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, როდესაც საკითხი ქვეყნის კონსტიტუციას ეხება, საზოგადოებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური კონიუნქტურა, რის გამოც აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფები არ ან ვერ ჩაერთვნენ ხსენებულ პროცესში. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პროექტი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით განიხილებოდეს და მასში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების ფართო წრეების ინტერესები.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცედურების ეფექტურობაზე, უპირველესი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. ამასთან მიგვაჩნია, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყნის ძირითადი დოკუმენტის მიღება უნდა გახდეს საზოგადოების კონსოლიდაციის და არა მისი ფრაგმენტაციის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივი ინტერესები ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ გადადგას დამატებითი, ქმედითი ნაბიჯები კანონპროექტის განხილვისა და ხსენებულ პროცესში შესაბამისი დაინტერესებული სუბიექტების აქტიურად ჩართვისათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, კონსტიტუციის პროექტის განხილვა გადაიტანოს 2011 წლისათვის და მისი განხილვის ეფექტური ფორმატის შექმნის მიზნით დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ძირითად პოლიტიკურ ძალებთან და შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.