2012 წლის 12 ოქტომბრიდან ტელეკომპანია პიკის საქმიანობა შეფერხდა. დღეისათვის ტელეკომპანია პიკის ჟურნალისტები ვერ ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას. ტელეკომპანიის კუთვნილ სიხშირეზე გადის მათ მიერ წინა პერიოდში მომზადებული მასალა. დაინტერესებულ საზოგადოებას კი არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებული ინფორმაცია ტელეკომპანია პიკის მეშვეობით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 13 იანვარს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შპს ტელეკომპანია პიკს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #3-1-ის თანახმად, პიკი ვალდებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი (პირველი კავკასიური) უზრუნველყოს რუსულენოვანი ტელეპროდუქციით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, 2012 წლის 13 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გამოხატული მდუმარე პროტესტით, ასევე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევით ტელეკომპანია „პიკ“-მა უხეშად დაარღვია ხელშეკრულება. ირკვევა, რომ აღნიშნულის თაობაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა 16 ოქტომბერს აცნობა პიკის ხელმძღვანელობას. ამავე დროს პიკის გენერალური დირექტორის ალექსანდრე ფარულავას კორესპონდენციით დგინდება, რომ სწორედ ტელეკომპანია პიკის მოთხოვნით შეჩერდა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის.
მიგვაჩნია, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე ტელეკომპანია პიკის ხელმძღვანელობის მიმართ.
გაურკვევლობის ფონზე იქმნება საშიშროება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებების განხორციელებას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით. ამავე დროს პროგრამებში უნდა ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პიკსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთობის გამწვავება უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდეს მხარეთა მიერ სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის მიზანშეწონილობით. ამავე დროს სსიპ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ასევე ტელეკომპანია პიკის ხელმძღვანელობამ მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ რუსულენოვანი არხის თაობაზე წარმოქმნილ გაუგებრობაში. აუცილებელია, მხარეებმა მაუწყებლობის შეფერხების გარეშე მოაგვარონ ურთიერთობები, იმგვარად, რომ არ მოხდეს მაყურებლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მხარეებს შორის გამართულ დისკუსიებში.