საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.
მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით.
კერძოდ, 28 სექტემბრის სხდომაზე, საბჭოს მოსამართლე წევრებმა დააყენეს საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა პირველი ინსტანციის სასამართლოებიდან გადანიშვნის (რაც პრაქტიკულად წარმოადგენს დაწინაურებას) თაობაზე, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლზე დაყრდნობით. ხოლო დანარჩენ 58 ადგილთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებით, უნდა გამოცხადდეს კონკურსი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს 11-მა წევრმა, მათ შორის რამდენიმე არამოსამართლე წევრმაც; გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა საბჭოს თავმჯდომარემ.
მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიღების წინმსწრებ პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს საზოგადოებას გაუზიაროს შემდეგი ფაქტები და მოსაზრებები:
- ორგანული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას და ითვალისწინებს მოსამართლის დანიშვნას ან დაწინაურებას კონკურსის გარეშე. თუმცა, ამგვარი დანიშვნის/დაწინაურების კონკრეტული წესი და პროცედურა კანონმდებლობით გაწერილი არ არის, რაც საბჭოს წევრებს აძლევს ფაქტიურად შეუზღუდავ დისკრეციას აღნიშნული მოქმედების განხორციელებისას და სუბიექტური, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა დაწინაურების შესაძლებლობას. აღნიშნული არ წარმოადგენს მხოლოდ კანონის მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენების თეორიულ შესაძლებლობას; ამ მუხლის გამოყენებით შექმნილ მანკიერ პრაქტიკაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გასულ წლებში სისტემატურად მივუთითებდით; თუმცა, დღემდე არ მოხდა აღნიშნული მუხლის გადასინჯვა კანონმდებლის მხრიდან და არც დამატებითი რეგულაციების შემოტანა საბჭოს მიერ, მის ხელთ არსებული განუსაზღვრელი დისკრეციის შესაბოჭად. მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების არარსებობა წარმოშობს კითხვებს იმის შესახებ თუ როგორ აპირებს საბჭო შეარჩიოს ის კონკრეტული მოსამართლეები, რომელთაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკონკურსოდ დანიშნავს, რაც ამ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის აშკარა საფრთხის შემცველია.
- სხდომაზე დამსწრე სამოქალაქო საზოგადოების, მოსამართლეებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციების მიუხედავად, საბჭოს წევრებმა უარი არ განაცხადეს აღნიშნული მუხლის გამოყენებაზე. ამასთან, იმ მძიმე ბრალდების ფონზე, როდესაც რამდენიმე არამოსამართლე წევრმა ღიად განაცხადა, რომ მოსამართლე წევრებს უკვე ჰქონდათ კონკრეტული პირების სია, ვისაც ისინი დანიშნავდნენ 37-ე მუხლის გამოყენებით, ვფიქრობთ, გადაწყვეტილების მომხრე საბჭოს წევრებს კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მყარი, კანონზე და მართლმსაჯულების ინტერესებზე დაფუძნებული არგუმენტებით დაესაბუთებინათ თავიანთი პოზიცია. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთების მიზნით მოყვანილი არგუმენტები ცალსახად მოკლებულია დამაჯერებლობას. ასევე, კითხვებს აჩენს საბჭოს რამდენიმე არამოსამართლე წევრის მიერ მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის საკითხის მხარდაჭერა მაშინ, როცა რამდენიმე წუთის წინ მათ აღნიშნული ვაკანსიების კონკურსის წესით შევსებას დაუჭირეს მხარი (თუმცა გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების თაობაზე ვერ იქნა მიღებული ხმების არასკმარისი რაოდენობის გამო.)
- აღსანიშნავია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას - სისტემაში არსებული ვაკანტური ადგილების ხელოვნურად დაყოფას და მათ დასაკავებლად ორი პრინციპულად განსხვავებული წესის გამოყენებას - არ გააჩნია ნორმატიული საფუძველი. მეტიც, გადაწყვეტილების მიღებისას მის მხარდამჭერებს არ გაუმყარებიათ საკუთარი პოზიცია კონკრეტულ სასამართლოებში არსებული ვითარებისა და მათი საჭიროებების კვლევებით, ან რაიმე ემპირიულ მასალაზე თუ ობიეტურ მონაცემებზე დაყრდნობით. გადაწყვეტილების დაუსაბუთებელ და თვითნებურ ხასიათზე ასევე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საბჭოს წევრებისვე განცხადებით, დღეის მდგომარეობით 10-ზე მეტი ვაკანსია არსებობს, თუმცა, საბჭოს წევრებმა მხოლოდ 10 ვაკანსიასთან დაკავშირებით მოითხოვეს უკონკურსოდ დაწინაურების პროცედურის გამოყენება, საბოლოოდ კი დასთანხმდნენ ამ ციფრის 7-მდე შემცირებას. ყოველივე ზემოაღნიშნული სერიოზულ კითხვებს აჩენს მიღებული გადაწყვეტილების რეალურ მოტივაციებთან დაკავშირებით.
ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია მოსამართლე წევრების მიერ მოყვანილი არგუმენტები, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოში არსებული გადატვირთულობისა და საქმეთა სიმრავლის გამო სააპელაციო სასამართლო სასწრაფოდ უნდა შეივსოს საქალაქო სასამართლოდან გადმოყვანილი (დაწინაურებული) მოსამართლეებით. მათი განმარტებით, კონკრუსის გამოცხადება აღნიშნულ ვაკანსიებზე საჭიროებს გარკვეულ დროს, რაც სააპელაციო სასამართლოში არსებულ პრობლემას სწრაფად ვერ მოაგვარებს. გარდა ამისა, საბჭომ სულ ცოტა ხნის წინ კონკურსის წესით დანიშნა ახალი მოსამართლეები როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლოებში, რაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა სიმცირით გამოწვეული პრობლემების შემსუბქებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, გაუგებარია, როგორ აღმოფხვრის საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემას ერთი ინსტანციის სასამართლოდან მოსამართლეთა სხვა ინსტანციაში დაწინაურება და რატომ არის აღნიშნული პრობლემის მოგვარება