სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით

2014-11-24 19:10
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. კამპანია 1991 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია, ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ პრობლემასთან საბრძოლველად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების კონსოლიდაცია და  ბრძოლის პროცესში ხელისუფლების, როგორც განსაკუთრებული როლის მქონე სუბიექტის გააქტიურება. 

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდის, თელავის, გორის, რუსთავისა და დუშეთის ოფისებში საია ქალთა მიმართ ძალადობის და ქალთა დისკრიმინაციის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით  ღონისძიებებს გამართავს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამართალდამცავებთან, მედიის, არასამთავრობო სექტორის, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
 
25 ნოემბერს, 13:00 საათზე საია ასევე უერთდება ,,ქალთა მოძრაობის '' მიერ,  ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად ორგანიზებულ აქციას, რომელიც  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
 
16 დღიან კამპანიაში აქტიური მონაწილეობის პარალელურად, საია აგრძელებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების პროგრამას და ქალთა თანასწორობის იდეის ადვოკატირებას. პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საიას იურიდიული დახმარების ცენტრმა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე 1227 კონსულტაცია გასცა; ამავე პერიოდში საიას ადვოკატების დახმარებით გამოიცა 26 შემაკავებელი და დამცავი ორდერი და თავშესაფარში გადაყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლი 2 ქალი შვილებთან ერთად.
 
საია კვლავაც გააგრძელებს საქმიანობას ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და მზად არის ამ პრობლემის დასაძლევად  საზოგადოების წარმომადგენლებთან და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობისათვის.