საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივაზე “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
2009-12-04 12:59
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის პროექტს - “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”, რომელის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის შეზღუდვა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ედპ-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი ეყრდნობა საიას მიერ მომზადებული რეკომენდაციების ნაწილს “წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით”, რომელიც საიამ 2009 წლის ნოემბერში საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა.
გამომდინარე იქიგან, რომ საია არ წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტს, გამოვთქვამთ კმაყოფილებას იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ მიერ მომზადებულმა რეკომენდაციებმა მიიღეს საკანონმდებლო ინიციატივის სახე.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს და გაიზიარებს წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვის საკითხს, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.