10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის ,,მედიაბიზნესი საქართველოში“ პრეზენტაცია 2012 წლის 19 დეკემბერს გამართა.
კვლევის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შესწავლილი იქნა საქართველოში მედიაბიზნესის განვითარების ტენდენციები. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში მედიის მდგომარეობაა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მედია სფეროს ორი უდიდესი ფუნქცია აქვს: უპირველეს ყოვლისა, მედია არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას საზოგადოებაში, მეორეს მხრივ, კი ის არის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ბიზნესი ყველა ქვეყანაში.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მედიის მიმართ პოლიტიკოსების ინტერესი ძალიან მაღალია. მათ ერთის მხრივ, შიშის და მეორეს მხრივ სარგებლის სურვილი აკავშირებთ მედიასთან.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ დღეისათვის საქართველოში დემოკრატიული პროცესები ჯერ კიდევ ვითარდება. არ არის უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვა, ამავდროულად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს ბიზნესგარემოს მდგრადობას.
კვლევის შედეგების თანახმად, ქართული მედიაგარემო მნიშვნელოვნად ატარებს ქვეყანაში არსებული რეალობის ნიშნებს.
პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კვლევა განხორციელებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით კოალიციური პროექტის - „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“ ფარგლებში (პარტნიორი ორგანიზაციები: მწვანე ალტერნატივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო)