თბილისი, 2014 წლის 18 თებერვალი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის N2 ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიში ძირითადად, 2013 წლის პერიოდს მოიცავს და განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა; გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურული საკითხები და დასაბუთებულობა; მოსამართლეთა დანიშვნა/მივლინება; საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება.
მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:
წინა წლებთან შედარებით, საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საბჭოს სხდომების ჩატარების თაობაზე, როგორც წესი, სისტემატურად წინასწარ ხდებოდა ინფორმაციის გამოქვეყნება, მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით, ასევე წინა პერიოდებთან შედარებით, საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრები უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩეოდნენ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას. ამავე პერიოდში, გაიზარდა საზოგადოების დაინტერესება საბჭოს საქმიანობის მიმართ და დაინტერესებულ პირებსაც თავისუფლად ეძლეოდათ საშუალება დასწრებოდნენ სხდომებს.
თუმცა, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ერთის მხრივ, გამოწვეულია საბჭოს საქმიანობის არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირებით და მეორეს მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით. კერძოდ:
საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა
• საბჭოს სხდომების გამჭვირვალობა განსაკუთრებით პრობლემური იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, მაშინ როცა ამ პერიოდში საბჭოს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
• საბჭოს სხდომების თაობაზე ინფორმაციის წინასწარი გამოქვეყნების მიუხედავად, კვლავ არ ხდებოდა კანონმდებლობით დადგენილი 7 დღიანი ვადის დაცვით ამ ინფორმაციისა და დღის წესრიგის გამოქვეყნება;
• საბჭოს ოფიაციალურ ვებგვერდზე სისტემატურად და გონივრულ ვადებში კვლავ არ ხდებოდა მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება;
• მონიტორინგის ჯგუფის მიერ, წინა პერიოდების მსგავსად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიუხედავად, არ მოხდა საბჭოს მთელი რიგი სხდომების ამსახველი ოქმების მოწოდება, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მონიტორინგი;
• მასმედიის წარმომადგენელთა უფლება განახორციელონ საბჭოს სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერა ცალკეულ შემთხვევებში უსაფუძვლოდ იზღუდებოდა.
გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურები
• არ არის მკაფიოდ განსაზღვრული საბჭოს საქმიანობის დამდგენი პროცედურები და არ არის განსაზღვრული ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკითხის განხილვის ვადები, დაინტერესებული პირების მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, საბჭოს წევრის აცილების საკითხი, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მის მიღებამდე საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება. ამ საკითხების პრობლემურობამ არა ერთხელ იჩინა თავი ცალკეული გადაწყვეტილების მიღებისას;
• ბუნდოვანია თავად საბჭოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენება/არ გამოყენების საკითხი გადაწყვეტილებათა მიღების დროს, რამეთუ საბჭო თავად, ძალიან არაერთგვაროვნად და ბუნდოვნად განმარტავს, მის მიმართ ამ კოდექსის მოქმედების საკითხს;
• არ არის განსაზღვრული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და მათ მიმართ სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.
დამატებით აღსანიშნავია, მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები:
• კვლავაც, პრობლემური და ხარვეზიანია მოსამართლეთა დანიშვნის მთლიანი პროცესი. ორი განსხვავებული კატეგორიის კანდიდატებისათვის დადგენილია განსხვავებული საკანონმდებლო პროცედურები.
• პროცესი არ არის გამჭვირვალე და ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულაციები არ იძლევა საშუალებას მოსამართლეთა კანდიდატები შერჩეულ იყვნენ ობიექტური კრიტერიუმებისა და შეფასებების საფუძველზე. გადაწყვეტილებები, მსგავსად წინა პერიოდებისა, არ არის დასაბუთებული;
• ცალკეულ შემთხვევაში საბჭო სრულიად არასწორად განმარტავს კანონის ნორმებს და მოსამართლეთა დანიშვნას ორ ეტაპიან კონკურსის ფორმატში წარმართავს.
მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ შემდეგ რეკომენდაციებს:
• საბჭომ თავის საქმიანობაში განუხრელად დაიცვას გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი;
• შემუშავდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო პროცედურების საკანონმდებლო რეგულაციები;
• დადგინდეს საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება;
• კანონმდებლობით დადგინდეს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა;
• შემუშავდეს მოსამართლეთა დანიშვნის სრულიად ახალი წესი, რაც უზრუნველჰყოფს მოსამართლეთა კანდიდატების ობიექტურ შეფასებასა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ამ მიმართულებით საბჭოს მონიტორინგს კვლავაც გააგრძელებს.