სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოსაზრებები წარუდგინეს

2013-04-15 04:16
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია „ციხის  საერთაშორისო რეფორმა“  მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის მიმართულებით. სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სათანადოდ წარიმართოს. მხარეთა თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფა და საპროცესო კოდექსის სრულყოფა კი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გაუმჯობესებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში არის რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ასევე  საკითხები, რომელთა დამატებაც მნიშვნელოვანად მიგვაჩნია წარმოდგენილი ინიციატივისათვის, რათა დასახული მიზნის მიღწევა რეალურად გახდეს შესაძლებელი.

 
უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც დაწესებულებიდან ცნობის, დახასიათებისა და სხვა დოკუმენტის მიღებას უკავშირდება. დაწესებულება ხდება ვალდებული შეასრულოს ბრალდებულის ამგვარი მოთხოვნა, რომელსაც იგი პირადად ან ადვოკატის დახმარებით წარადგენს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საკითხი უნდა დარეგულირდეს იმ ფორმით, რომ ზიანი არ მიადგეს სხვა კერძო პირის ინტერესებს.  
 
სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის, სასამართლო პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარიდან მცირდება 500 ლარამდე.  წარმოდგენილი ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა  სამართლიანი სასამართლოს პრინიციპიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დაჯარიმებულ პირს ჰქონდეს განკარგულების ერთჯერადი გასაჩივრების უფლება მაინც. სხვა შემთხვევაში ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დანაწესებთან. 
 
პროექტის თანახმად, დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, ვინც მოცემულ საქმეზე აწარმოებს საქმის გამოძიებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამომძიებლის შერჩევის პროცესში დაცვის მხარის მონაწილეობა. გამომძიებელი შერჩეულ უნდა იქნეს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, დაცვის მხარის რეკომენდაციით.
 
ასევე,  მნიშვნელოვანია ინიცირებულ კანონპროექტში სხვა საკითხების გათვალისწინება. გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვის მოქმედი წესი ბრალდების მხარეს  გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. რეალური თანასწორობისთვის მნიშვნელოვანია ახალი წესის დაუყოვნებლივ ამოქმედება.  ასევე, ჩხრეკის ჩატარებისას პირის უფლებების დარღვევის რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ დამსწრის ინსტიტუტის მოქმედება გაგრძელდეს. ასევე პრობლემურია საკითხი, როდესაც  პირს, რომელსაც არა აქვთ ბრალდებულის სტატუსი და რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა ჩხრეკა და ამოღება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს მის მიმართ ჩატარებული ღონისძიების კანონიერების შესახებ. 
 
პრაქტიკაში პრობლემას წარმოადგენს შეცვლილი ადვოკატის მიერ საქმის მასალებზე წვდომის საკითხი. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად კოდექსმა უნდა გაითვალისწინოს ადვოაკტის უფლება მოითხოვოს და მიიღოს  მოცემული მომენტისთვის საქმეში არსებული მასალების ასლები სასამართლოსა და მეორე მხარისაგან.
 
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებასთან ერთად აუცილებელია მედია საშუალებების მიერ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მინიმუმამდე დაიყვანოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საფრთხე, რაც თავის მხრივ პოტენციურ ნაფიც მსაჯულებს  გარეშე ზეგავლენისგან დაიცავს.
 
აუცილებელია გამოძიების ეტაპზე გარკვეულ საკითხებზე სასამართლო კონტროლის  აღდგენა. სასურველი იქნება, თუ პროკურორის მიერ მიღებული ზოგიერთი დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა იქნება სასამართლოშიც.
 
არასათანადო მოპყრობასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით აუცილებელია დაზარალებულის უფლებების გადახედვა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მისი გამოძიებაში ჩართულობა. ასევე საჭიროა მოსამართლის უფლებამოსილების გაზრდა მისი დეკლარაციული როლის ქმედითად გასაქცევად. 
გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დადგინდეს  გამოძიების ორგანოს ვალდებულება, რომ იმ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და იკრიბება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეატყობინოს ამის შესახებ.
 
ზემოთხსენებული საკითხები ნაწილია იმ ცვლილებებისა, რაც დროულ განხორციელებას საჭიროებს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ მოცემულ შემთხვევაში წარმოვადგენთ პრობლემური საკითხების მხოლოდ ზოგად მიმოხილვას. ამავდროულად გამოვხატავთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ თითოეული საკითხის დეტალურ განხილვაში და საკანონმდებლო ორგანოს ცვლილებების კონკრეტული ფორმულირებები შევთავაზოთ. 
 
იხ. ერთობლივი მოსაზრებების სრული ვერსია