სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

2013-03-28 11:43
Featured image
საია კიდევ ერთხელ ეხმაურება დღეს ბათუმში ჩვენს თანამშრომლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. საია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, განადგურდა ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება - ვიდეო მასალა. 
 
როგორც ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის, ,,ბათუმის სახლის" მფლობელი საბირ ნურიევი აღნიშნავს, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს (ჯერჯერობით) სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების შენობაში შესვლის ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ,,ბათუმის სახლის" მფლობელები ჟურნალისტებს არ აძლევენ პოლიციელთა შიშის გამო. აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საიას თანამშრობლები ცდილობდნენ ამ ფაქტით სამართალდამცავთა დაინტერესებას ჩანაწერზე ასახული ინფორმაციის დაცვის მიზნით. თუმცა, რამდენიმე საათის განმავლობაში ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ დროისთვის, საიას მოთხოვნის საპასუხოდ, შსს-ს გენერალური ინსპექციის დავალებით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რათა ამოეღოთ  კონკრეტული პირების მიერ ,,ბათუმის სახლში" მისვლის ამსახველი ჩანაწერი (როგორც აღვნიშნეთ, მტკიცებულებათა განადგურება სწორედ ამ ვიზიტის შედეგად განხორციელდა).  თუმცა, მტკიცებულების ამოღების მიზნით მისულ პატრულის თანამშრომლებს შორის ამოცნობილ იქნა თავად ის პირი, რომელიც ფიქსირდება აღნიშნულ ჩანაწერზე და რომელმაც სავარაუდოდ პირადად მიიღო მონაწილეობა მტკიცებულების განადგურებაში. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პირი წარმოადგენს ქალაქის მე-2 განყოფილების უფროსს, გიგლა მოსიძეს. შესაბამისად, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოახდენს მისივე დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი მასალის სათანადო წესით მოპოვებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მტკიცებულების განადგურება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.
 
ზემოაღნიშნული მოვლენები და შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში გამოვლენილი ცალმხრივი დამოკიდებულება აჩენს დასაბუთებულ ეჭვს საგამოძიებო ორგანოების ობიექტურობასთან მიმართებით.
 
მივიჩნევთ, რომ აღნიშნული შემთხვევა  არის ტესტი, რომელიც წარმოაჩენს თუ რა მიდგომა აქვს შსს-ს საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე. ჯერ-ჯერობით სამწუხარო ფაქტია, რომ არათუ არ ხორციელდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, არამედ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიმართლე არ დადგინდეს და პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის კვალი წაიშალოს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა  მიუთითებდეს უწყებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე.
 
ზემოაღნიშნული გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე საია შს მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.