საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს იმედის სიუჟეტით დაზარალებულ მოსახლეობას
2010-03-14 17:09
მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერით 2010 წლის 13 მარტს, 20.00 საათზე გასული სპეციალური ქრონიკის შემდეგ, რომელიც მაყურებელს მოუთხრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსეთის რეგულარული არმიის დაგჯგუფებისა და სატანკო ბატალიონის მიერ გამოცხადებული სრული სამხედრო მზადყოფის, მათ მიერ გეზის დედაქალაქისაკენ აღების ალბათობის, ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში არსებული პანიკის, მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში არსებული რიგების შესახებ, მკვეთრად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვმა. რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ეთერით გასული სიუჟეტით მიღებული შოკის ფონზე, გარდაიცვალა მანდილოსანი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, უფასო იურიდიულ მომსახურება გაუწიოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერით გასული სიუჟეტით მიადგა ზიანი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია (ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია) აღნიშნული გადაცემის შედეგად დაზარალებული პირების შესახებ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tgurchiani@gmail.com ან მოაკითხოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრებს.