სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმიანება

2013-03-19 02:47
Featured image

სხავადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის - იმედო არჯევანიძის, მანანა ნატროშვილისა და მუხრან ბურჭულაძის გათავისუფლების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, ამ პირებს 2013 წლის 18 მარტს დილით სამსახურში მისვლისთანავე გამოუცხადეს, რომ ისინი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ მუშაობდნენ. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ გათავისუფლებულ პირს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ამ დრომდე არ ჩაბარებია. შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელია ზუსტად შეფასდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა. თუმცა, მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონი დავით ჯანდიერის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული ოფიციალური განცხადება (იხ.მიმაგრებული ფაილი). 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი სამი თანამშრომლის მიმართ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, კერძოდ:
 
- იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მედიით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ გათავისუფლებულ პირს - მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომელშიც სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ მას ევალებოდა მისი თანამდებობისათვის აუცილებელი თავშეკავებისა და კორექტულობის გამოჩენა და ასევე, მისი პროფესიული მოვალეობა იყო პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. საია აღნიშნავს, რომ წერილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში და რომელიც მინისტრის ზემოაღნიშნულ მოწოდებებს შეიცავდა, არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად - გაფრთხილებად, მით უმეტეს, რომ თავად ამ წერილში არ არის მითითება, რომ იგი მიღებულია დისციპლინური წარმოების შედეგად ან/და დისციპლინური წარმოების მარეგულირებელი სამართლის ნორმების საფუძველზე ამასთან, აღნიშნული მოწოდების შეუსრულებლობა არ შეიძლება გამხდარიყო თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არ ეკრძალებათ პოლიტიკური შეხედულებების ქონა, ამა  თუ იმ პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერა ან აღნიშნულის თაობაზე საჯაროდ განცხადებების გაკეთება. ამასთან, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლები არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად, მათ მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტანდარტის გავრცელებაც არ არის მიზანშეწონილი. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოთხოვნის საფუძვლით საჯარო რეესტრის თანამშრომელთათვის მსგავსი მითითებების მიცემა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. 
 
- ბატონი დავით ჯანდიერის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრი თავდაპირველად არ დაეთანხმა იმედო არჯევანიძისა და მანანა ნატროშვილის გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მხოლოდ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და მის მოადგილეებს. როგორც ცნობილია, ქალბატონი მანანა ნატროშვილი არ წარმოადგენს ასეთ თანამდებობის პირს და, შესაბამისად, მის მიმართ გაუგებარია რატომ ჩაერია მინისტრი სააგენტოს თავმჯდომარის კომპეტენციაში.  მითითებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თავად არის უფლებამოსილი მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლი აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს საქმიანობაზე არ ვრცელდება.
 
- მინისტრის მოადგილის ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ გათავისუფლებული სამი თანამშრომელი შეეცადა მოეხდინა სამსახურის პარალიზება და თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდა, რაც გახდა მინისტრის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. საია შეახსენებს ყველას, რომ გაფიცვის უფლება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს შრომის იმ კოდექსითაც კი, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, დასაქმებულთა უფლებების დაცვის დაბალ სტანდარტს აწესებს. ამ უფლების გამოყენება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით არ არის შეზღუდული, შესაბამისად მოწოდება გაფიცვისაკენაც არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახის სამართალდარღვევად.
 
- ამასთანავე, არცერთ მათგანს არ ჩაბარებია გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რის გამოც ამ დრომდე უცნობია სამსახურიდან გათავისუფლების  სამართლებრივი საფუძველი. 
 
აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა გათავისუფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ განხორციელებულა. 
 
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ,,საქართველოს შრომის კოდექსში" მთელი რიგი მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. სამოქალაქო სექტორი, მათ შორის საია, კანონპროექტის დახვეწის პროცესში ჩართული იყო. ჩვენი შენიშვნების გარკვეული ნაწილი სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნა და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვიწონებთ ამ ღია და ნაყოფიერ პროცესს. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონის შეცვლაზე უფრო მნიშვნელოვანი არის კანონთან დამოკიდებულების შეცვლა. თუ დამსაქმებელმა (და განსაკუთრებით იმან, ვინც ცუდი კანონის შეცვლის კარგი ინიციატივით გამოდის) ყოველდღიურ ქმედებებში განუხრელად არ დაიცვა კანონი, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებებს ნაკლები ეფექტი ექნება. ვერანაირი ნორმა ვერ გახდება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი, თუ პირებმა, რომლებსაც ამ ნორმების დაცვა ევალებათ, სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინეს. 
 
საია მომავალშიც გააგრძელებს საჯარო რეესტრში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთა ინტერესები საქართველოს საერთო სასამართლოებში.