მიმდინარე წლის 12-19 მარტს საქართველოში იმყოფებოდა წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბატონი ხუან მენდესი. ვიზიტის მიზანი იყო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში ქვეყანაში არსებული მდოგმარეობის და განხორციელებული ცვლილებების შეფასება. ვიზიტის ფარგლებში ბატონი მენდესი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
საია მიესალმება ბატონი მენდესის მიერ საქართველოში ვიზიტის შეფასების ანგარიშს და მასში გამოთქმულ რეკომენდაციებს. ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ძირეულ ცვლილებებს, თუმცა იგი ასევე ხაზს უსვამს 2012 წლამდე ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები არასაკმარისია და ნათქვამია, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სპეციალური მომხსენებლის თქმით, ასევე მნიშვენლოვანია, რომ ძველი დანაშაულების გამოძიებამ არ დააბრკოლოს ახალ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება.
მისასალმებელია, რომ ბატონმა მომხსენებელმა ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა ფართო უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის იდეის მიმართ, რომელმაც უნდა გამოიძიოს წამების ფაქტები და უზრუნველყოს დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა.
გაეროს სპეციალური მომხსენებელის ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის, გამოძიებისა და ანგარიშვალდებულების, ასევე პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
ანგარიში განსაკუთრებულ აქცენტს დაუსჯელობის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე აკეთებს და მოუწოდებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს მოსაზრებებისა და წუხილების რაც შეიძლება ფართო სპექტრი იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ინსტიტუციური, პროცედურული და იურისდიქციული რესურსების ორგანიზება ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ანგარიშვალდებულება წამებისათვის და მოხდეს შემდგომი დანაშაულის პრევენცია.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციებს და დროულად მიიღოს ზომები მათ შესასრულებლად, განსაკუთრებით შემდეგ რეკომენდაციებთან მიმართებაში:
• უზრუნველყოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა;
• მიაწოდოს საზოგადოებას სანდო ინფორმაცია იმის შესახებ თუ წინა ხელისუფლების რამდენი წარმომადგენელი იქნა ბრალდებული და მსჯავრდებული წამების საქმეებზე და იმაზეც, თუ როგორ ეპყრობიან ამ პირებს საპატიმრო დაწესებულებებში;
• უზრუნველყოს იმ ვაკუუმის აღმოფხვრა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დამნაშავეს, იქნება ეს საპროცესო შეთანხმების არაადეკვატურად გამოყენების თუ სსკ 144(1) მუხლის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელები;
• დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელზე მიმდინარე დისკუსიებში უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ყველაზე ფართო წრის ჩართულობა;
• უზრუნველყოს პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დეპარტამენტის დამოუკიდებლობა, თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლიანი და დამოუკიდებელი პროცესის მეშვეობით;
• აღნიშნული დეპარტამენტის შემადგენლობას დაამატოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებლობის გარანტიებით;
• წინასწარი პატიმრობა გამოიყენოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
• გადახედოს მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მომწესრიგებელ ნორმებს, კონკრეტულად კი ვადაზე ადრე გათავისუფლების და შეწყალებისათვის მიმართვის უფლების წარმოშობის პირობებს (ვადებს);
• აღმოფხვრას ყველა ტიპის გაუმართლებელი თვალთვალი, რათა არ მოხდეს პატიმართა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა;
• გადახედოს საქართველოს პატიმრობის კოდექსში 2015 წლის მაისში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღს, რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრვენციული ჯგუფის წევრს ეძლევა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ფოტოგადაღების უფლებამოსილება წამების ფაქტების დოკუმენტირების მიზნით;
• უზრუნველყოს, რომ ტრავმის ფოტოგრაფირება გახდეს ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის აღჭურვა შესაბამისი კამერებით;
• ტრავმის დოკუმენტირებისას უზრუნველყოს სტამბულის კონვენციით დადგენილი სტანდარტების დაცვა;
• უზრუნველყოს რეგულარული სამედიცინო შემოწმებები პატიმრებისათვის;
• იფიქროს ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ვადით სამარტოო საკანში მოთავსების პრაქტიკის ალტერნატივებზე, და სხვ.