სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ ეხმიანება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლებას

2013-03-21 02:44
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის 19 მარტს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ დავით ჯანდიერის ოფიციალურ კომენტარზე (იხ. მიმაგრებული ფაილი) დაყრდნობით, განცხადებით გამოეხმაურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის  გათავისუფლების ფაქტს.  საიას მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ამ განცხადების გაკეთებისას უცნობი იყო  გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი. 

 
20 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამივე თანამშრომლის გათავისუფლება    მოხდა შრომითი ხელშეკრულების მოშლის გზით, ,,საქართველოს შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ნორმაა, რომელიც დადგენილი მანკიერი პრაქტიკით დასაქმებულთა სათანადო დასაბუთების გარეშე გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა და რომლის გამოც ,,საქართველოს შრომის კოდექსი" თუ მისი მიმღები ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკის საგანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.  
 
საია წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებდა შრომის კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის ნორმას, დამსაქმებელთა მიერ მათ ხშირ (არც თუ იშვიათად პოლიტიკური მოტივებით) გამოყენებას და იმ მანკიერ სასამართლო პრაქტიკას, რომელმაც დარღვეული უფლების აღდგენის რაიმე სახის სამართლიანი და ეფექტური მექანიზმი ვერ  დაამკვიდრა. მიუხედავად ამისა, საია ცდილობდა და ცდილობს არაერთი უსამართლოდ გათავისუფლებული ადამიანის ინტერესების დაცვას სასამართლოში. სამწუხაროდ, ცუდი კანონისა და არცთუ უკეთესი სასამართლოს პირობებში ეს მცდელობა შედეგს ვერ აღწევს ხოლმე ხშირად.  ერთი რამ ფაქტია: საჯარო რეესტრში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედი კოდექსი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვას შრომითი ხელშეკრულების მოშლისას, ამასთან, ეს კოდექსი არ შეესაბამება საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს შრომითი უფლებების დაცვის სფეროში. მოქმედი კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს, არც დასაქმებული პირების წინასწარი გაფრთხილების მექანიზმს, რითაც პირდაპირ ირღვევა ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლი. ,,საქართველოს შრომის კოდექსის" ის ნორმა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, ასევე გაკრიტიკებულ იქნა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის მიერ 2012 წლის 13 თებერვალს გაკეთებულ მოხსენებაში. (Statement by the United Nations Special Rapporteur on the rights to freedom of peaceful assembly and of association at the conclusion of his visit to the Republic of Georgia. Tbilisi, 13 February 2012;)
 
მართალია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილება მიღებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, მაგრამ, როგორც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებაშია მითითებული, მინისტრი პირადად იყო ჩართული  აღნიშნულ პირთა გათავისუფლების საკითხში. ამავე დროს, სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად აფასებს ზემოაღნიშნულ მუხლს და მის გაუქმებას ისახავს მიზნად. ერთის მხრივ კანონის კრიტიკა, მისი გაუქმების სურვილი და მეორეს მხრივ ამავე კანონის საფუძველზე თანამშრომლების გათავისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებრობას იწვევს. საკითხავია, თუ ეს ნორმა ასეთი მიუღებელი იყო, მაშინ რატომ ხდება გადაწყვეტილების მიღება მის საფუძველზე?! ან თუ გათავისუფლებული თანამშრომლები ასე უხეშად არღვევდნენ კანონს, მაშინ რატომ ვერ მოხერხდა გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად თუნდაც ერთი ასეთი  დარღვევის მითითება?!
 
როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრის გათავისუფლებული თანამშრომლები ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას და დარღვეული უფლებებისათვის ბრძოლას აპირებენ, რაშიც მათ საია სრულ მხარდაჭერას სთავაზობს. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს - მანამ სანამ წლების განმავლობაში სხვების მიერ ჩადენილ უამრავ დარღვევაზე სამართლიანობის აღდგენა მოხდება, სამართლიანობა უკანონოდ გათავისუფლებულ საკუთარ თანამშრომლებთან მიმართებაში აღადგინოს.