მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება. კანონი განსაზღვრავს სხვა ალტერნატიულ სასჯელებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვნის მიმართ. 14 წლის გიორგი ზერეკიძის საქმე კიდევ ერთი სავალალო შემთხვევაა, როცა სასამართლომ არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული “მინიმალური” შესაძლებლობა განეხორციელებინა მართლმსაჯულება და არასრულწლოვნის მიმართ, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობა განსაკუთრებულ შეღავათებს და ჰუმანურობის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, გამოიჩინა უკიდურესი სიმკაცრე.
კიდევ ერთხელ გვსურს შეშფოთება გამოვთქვათ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, როგორც არასრულწლოვნის მიმართ შეუსაბამოდ მკაცრი ღონისძიების გატარების ფაქტზე, რაც საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემასა და მართლმსაჯულების რწმენას აკნინებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ზერეკიძის პროცესის შემდეგ საზოგადოება მოწმე გახდა პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან არაეთიკური და თავისი სტატუსის შეუსაბამო ქცევისა, ხოლო სასამართლო მანდატურების მხრიდან არათანაზომიერი ძალის გამოყენების, პროცესის დამსწრეებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის – შესაბამისად მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა.
შეუსაბამო სიმკაცრე გამოიჩინა სასამართლომ ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლის ჯაბა ჯიშკარიანის მიმართ, რომელსაც სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის შეეფარდა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზომა –ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღით, როცა კანონი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას წესრიგის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენოს დაჯარიმების ან დარბაზიდან გაძევების ზომები. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სასამართლომ სათანადო ზომები არ გაატარა სასამართლოში წესრიგის დამრღვევი სხვა პირების მიმართ.
ზემოთ აღწერილი მოვლენები საზოგადოების და ჩვენს მიერ ფასდება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მხრიდან მათთვის კანონით მინიჭებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, სასამართლოს უკიდურესი ტენდენციურობა, რასაც მინიმუმამდე დაყავს საზოგადოებაში კანონისადმი პატივისცემა და მართლმსაჯულების რწმენა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონკრეტულ ფაქტებს მოყვება კანონის შესაბამისი რეაგირება – უზენაესი სასამართლო, როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო განახორციელებს თავის უფლებამოსილებას და მიიღებს კანონის შესაბამის და სამართლიან გადაწყვეტილებას, ხოლო საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან სამართალდარღვევებს მოყვება ობიექტური რეაგირება, მინიმუმ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
P.S. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ბატონი ნიკა გვარამიას, ბატონი ვალერი ცერცვაძისა და ქალბატონ თამარ ალანიას განცხადებებს. ჩვენს მიერ გავრცელებულ (წინამდებარე) განცხადებაში იმედი გამოვთქვით, რომ გიორგი ზერეკიძის პროცესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მოყვებოდა კანონის შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულ პირთა განცხადებები კი სრულიად საპირისპირო რეაგირებაა.
ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მითითებას აძლევს მედიას ამა თუ იმ მოვლენათა გაშუქებისას პრიორიტეტის მინიჭებაზე, მან ახსენა ის ლიბერალური საკანონმდებლო გარემო, რაც პარლამენტმა მედიას შეუქმნა და რომ მედია ამ პრივილეგიების ადეკვატურად არ მოქმედებს. ვფიქრობთ, პარლამენტის წევრის მხრიდან ამგვარი განცხადებები არის მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლის მცდელობა.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა მანდატურებს, მაშინ როცა საზოგადოება გახდა მოწმე, მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და შეუსაბამო ძალის გამოყენებისა. ვფიქრობთ, ამ ტიპის განცხადებები მომავალში ძალის გადამეტებული გამოყენების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კანონის დარღვევის წახალისებაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სპიკერმა მოსამართლემ გიორგი ზერეკიძის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას განუმარტა ის ფაქტები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ ის პრობლემები, რასაც დღეს სამოქალაქო საზოგადოება ხედავს:
სასამართლო ხელისუფლების ცალმხრივობა და დამოუკიდებლობის მინიმალური ხარისხი;
არასრულწლოვანთა მიმართ გაუმართლებლად მცდარი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებაში;
საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან კანონის დარღვევაზე და უფლებამოსილების გადამეტებაზე არაადეკვატური რეაგირება, რაც შემდგომი დარღვევების წახალისებაა;
მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია.
ვუერთდებით რა სამოქალაქო პროტესტს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებთან მიმართებით, მოვუწოდებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტიურად მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღოს ქმედითი ზომები ამ პრობლემების გადასაჭრელად.
აქვე გვსურს მივმართოთ ყველა იმ პირს, მათ შორის მედია საშუალებებს, რომელთა უფლებებიც გიორგი ზერეკიძის პროცესის დღეს თბილისის საოლქო სასამართლოში დაირღვა, გამოიყენეთ კანონით გათვალისწინებული თქვენი უფლებების დაცვის საშუალებები და მოითხოვეთ კანონის შესაბამისი რეაგირება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზად არის დაიცვას თქვენი უფლებები.