სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული დაკვირვებები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით

2023-07-07 14:03
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტმა „ერთი თვე სასამართლო მონიტორად“ მომცა შესაძლებლობა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დავსწრებოდი სისხლის სამართლის საქმეთა განხილვებს. სხდომებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ არც თუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება. 

საპროცესო შეთანხმება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებასა ან ნაწილობრივ მოხსნაზე.1 საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული საქმის არსებითი განხილვის უფლება ეზღუდება. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის დროს, მოსამართლე, სხვა საკითხებთან ერთად, ამოწმებს, ხომ არ იყო საპროცესო შეთანხმება მოტყუების, იძულების ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენების შედეგი. ქვემოთ განხილული იქნება ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე კონკრეტული მაგალითები სოციალურად დაუცველ პირებთან დაკავშირებით. 

​​​სხდომებზე რომლებსაც დავაკვირდი გამოიკვეთა, რომ საპროცესო შეთანხმების მხარედ ზოგჯერ იყვნენ სოციალურად დაუცველი ბრალდებულები, რომელთაც საკვები პროდუქტების ქურდობას ედავებოდნენ, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ იწვევდა მნიშვნელოვან ზიანს და, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველიც არ არსებობდა, თუმცა მათ სამართლებრივ მდგომარეობას ქმედების არაერთგზის ჩადენა ამძიმებდა. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული ბრალდებულების მიმართ წარსულში ​​განრიდებაც2 იქნა გამოყენებული, რის გამოც ბრალდების მხარეს აღარ ჰქონდა კვლავ განრიდების გამოყენების შესაძლებლობა.3 მსგავს მოცემულობაში საპროცესო შეთანხმების დადება მხარეთათვის კარგი შესაძლებლობაა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ, ბრალდებულის გარდა, საპროცესო შეთანხმების დადება, რესურსის დაზოგვის თვალსაზრისით, ხშირად ბრალდების მხარის ინტერესებშიც შედის. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ზოგჯერ სისხლის სამართლის საქმეში არ არის იმდენად მყარი მტკიცებულებები იმისათვის, რომ საქმის არსებითად განხილვის შემთხვევაში მოსამართლემ ​​გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით 4აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ასეთ სისხლის სამართლის საქმეებზე, ბრალდების მხარე რისკზე წასვლას და, მისი ვარაუდით, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის დადგომას ამჯობინებს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატმა სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, თუ რამდენად არის საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულის ინტერესებისთვის ხელსაყრელი. ამასთან, ბრალდების მხარის თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს არა მარტო ბრალდებულსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებზე, არამედ სრულიად საზოგადოებაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, სამართლიანი და ასახავდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. 

მიუხედავად საპროცესო შეთანხმების დადებითი როლისა, მას ​​უარყოფითი შედეგებიც ახლავს თან. კერძოდ, შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებული პირი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნასამართლევად ითვლება, რაც მას შემდგომში საზოგადოებასთან ინტეგრაციას ურთულებს. ამ კუთხით საპროცესო შეთანხმება მნიშვნელოვნად განსხვავდება განრიდებისგან, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს წარმოადგენს. 

საპროცესო შეთანხმების დადებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არა მარტო დაზარალებულზე, არამედ სხვა პირების ინტერესებზე.  ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს  პროცესის ეფექტიანი სასამართლო კონტროლს.5 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს დამტკიცებული თუ დადგინდება, რომ ის არის უკანონო ან იძულების შედეგი ან მაგალითად დაცვის უფლება არ არის სათანადოდ დაცული.6 

საინტერესოა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები და უშუალოდ პროცესის მიმდინარეობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. როგორც სხდომებზე დაკვირვება გვიჩვენებს, საპროცესო შეთანხმება ხშირ შემთხვევაში სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მტკიცდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეების ათამდე სხდომაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მოსამართლე დაახლოებით 10 წუთს ანდომებდა. ვფიქრობ, საპროცესო შეთანხმების მცირე დროში დასრულება ეჭვქვეშ აყენებს ბრალდებულისთვის უფლებების სათანადოდ განმარტების, ხოლო მის მიერ ამ უფლებებით ჯეროვნად სარგებლობის საკითხს.7 ბუნებრივია, საპროცესო შეთანხმების სხდომები განსხვავდება სისხლის სამართლის სხვა სტანდარტული პროცესისგან - არ ხდება მოწმეთა დაკითხვა და, ზოგადად, მტკიცებულებათა გამოკვლევა, მაგრამ სასამართლო ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული უფლებები, დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. მნიშვნელოვანია ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიაზროს ის შედეგები, რაც საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მოჰყვება. მცირე დროში (დაახლოებით 10 წუთი) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლე თავიდანვე მოწოდებულია დაამტკიცოს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში პროცესის მიმდინარეობას ფორმალურ ხასიათს სძენს. 

ავტორი: მევლუდ გუმბერიძე

ბლოგი მომზადებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სისტემური და მოთხოვნაზე ორიენტირებული სასამართლო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში.

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.


1 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 209.1

2 პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთ განსაზღვრულ პირობებს. განრიდებას შედეგად არ მოჰყვება ნასამართლეობა.

3 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 1681 4გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4 იხ. სსსკ. მუხლი 3,13.

5 Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no. 9043/05, 29 April 2014

6 Babar Ahmad and Others (dec.), no. 24027/07, 6 July 2010 7 იხილეთ საიას „სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N16 ანგარიში“ გვ.11. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/mod/publications/24 , განახლებულია: 04.07.2023.