სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს!

2010-10-08 10:22
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპროტესტებს ტელე-რადიო კომპანიის “თრიალეთი” გენერალური დირექტორის, ჯონდი ნანეტაშვილის მიმართ საპატრულო პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.

2010 წლის 7 ოქტომბერს ტელე-რადიო კომპანიის “თრიალეთი” გენერალური დირექტორი ჯონდი ნანეტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გააჩერეს ქ. გორში ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩის კვეთასთან არსებულ შუქნიშანთან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯონდი ნანეტაშვილს განუმარტეს, რომ ავტომანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრის გამო ადმინისტრაციული წესით უნდა დაეჯარიმებინათ. აღნიშნული დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, 10 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.


ჯონდი ნანეტაშვილის მიერ გაპროტესტებულ იქნა პოლიციელების მოთხოვნა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა არაპროპორციული ძალის გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება. კერძოდ, პოლიციელებმა ჯონდი ნანეტაშვილს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მან მიიღო ტვინის შერყევა. მას, ასევე, აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი სისხლნაჟღენთები.

ჯონდი ნანეტაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოხატა პროტესტი დაჯარიმების ფაქტის გამო, მას პოლიციელებისათვის ქმედითი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, გორის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჯონდი ნანეტაშვილი  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას და იგი 400 ლარით დააჯარიმა.

საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, აგრეთვე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და გაატარონ კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პირველადი შეფასებით, პოლიციელთა ქმედებაში იკვეთება, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული მოხელის მიერ “სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.” ასევე 125-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაული.

ჯონდი ნანეტაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.