სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საოკუპაციო ზოლთან რუსეთის ქმედებები ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს

2019-08-21 13:08
Featured image

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დღეებში საოკუპაციო ზოლის გაფართოების მორიგ ფაქტს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც რუსეთის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივ დარღვევას წარმოადგენს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რასაც შედეგად ახლავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ხელყოფა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დაიწყო. ბორდერიზაციის ფარგლებში რუსეთის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ზოლის გასწვრივ თვითნებურად ამონტაჟებენ სასაზღვრო ნიშნებს, ღობეებსა და მავთულხლართებს. აღნიშნული, მიზნად ისახავს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან ფიზიკურ გამოყოფას. 2017 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ბორდერიზაციის 30-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის 33 სოფლისა და აფხაზეთის 7 სოფლის  გასწვრივ.

2019 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მდებარედ, სოფელ გუგუტიანთკართან კვლავ განახლდა საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება. შედეგად, სოფელში მცხოვრები ორი ოჯახის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მათი მთავარი საარსებო წყარო იყო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ოჯახები იძულებულნი გახდნენ, საოკუპაციო ძალების მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სახლები დაეშალათ და ნაწილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაეტანათ. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში მათი სახლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა. საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებენ უკანონო სამუშაოებს, რის შედეგადაც, სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის სარწყავი არხი შესაძლოა მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოსახლეობას შეეზღუდოს წვდომა წყლით მომარაგებაზე.

რუსეთის სასაზღვრო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ასევე გრძელდება საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები. ა.წ. 17 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ ახალუბანში, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 7 ადგილობრივი მოსახლე გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის ეკლესიასთან დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მოხდება დაკავებულ პირთა განთავისუფლება. სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში არ არის გამაფრთხილებელი და ე.წ. სასაზღვრე ნიშნები, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა, შესაძლოა, გატაცების მსხვერპლი ნებისმიერ ადგილზე აღმოჩნდეს. რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით კიდევ ერთი ადგილობრივი მოსახლე ა.წ. 18 აგვისტოს, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, წლების განმავლობაში გრძელდება. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარედ უკანონო დაკავების/გატაცების მსხვერპლი 2706 ადამიანი გახდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაკავებულთა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ამასთან, დაკავების ადგილებში პირობები, როგორც წესი, არის მძიმე და არასათანადო. დაკავებულ პირებს, ხშირ შემთხვევაში, წართმეული აქვთ ოჯახთან კონტაქტის შესაძლებლობა.

რუსეთის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებათა მხრიდან განხორციელებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური ხელყოფა  წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობის დევნას, რომელიც ეთნიკური ნიშნით ხორციელდება; მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს აქვთ ორგანიზებული ფორმა, რეგულარული ხასიათი და მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებები შეიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

- გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;

- გაააქტიუროს პატრულირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე იმ სოფლებში, სადაც ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ბორდერიზაციის ფაქტები;

- უზრუნველყოს ადამიანთა უსაფრთხოება შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობით მაღალი რისკის ადგილებში.

 

რუსეთის ფედერაციას:

- შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

- შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

 

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას:

- გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:

- მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, დანაშაულის შემცველი ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა დროულმა გამოვლენამ და სათანადოდ დასჯამ, შესაძლოა, იქონიოს პრევენციული ეფექტი ადამიანის უფლებების ახლანდელ დარღვევებზე, შესაბამისად, უზრუნველყოს გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.

 

 

საქართველოს კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი ორგანიზაციები:

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

 

საერთაშორისო ორგანიზაციები:

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი