სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სანქცირების პოლიტიკა ევროკავშირში

2023-07-11 14:55
Featured image

ამერიკის შეერთებული შტატების („აშშ“) სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს, მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას.1 საელჩოს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაცია ედო საფუძვლად.2

როგორც აშშ, ისე ევროკავშირიც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმ მოსამართლეების დასანქცირება, რომლებიც „კლანის“ მმართველ ძალას განეკუთვნებიან, ძლიერი გზავნილია აშშ-ის მხრიდან.

იმის ფონზე, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია, საინტერესოა მისი პოლიტიკა და პრაქტიკა. კერძოდ, რა სანქციები მოქმედებს, რა საფუძვლები სჭირდება მათ ამოქმედებას და რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის მის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებში სასამართლოს სისტემის გამართულად მუშაობა.

ევროკავშირში სამი ტიპის სანქციების რეჟიმი მოქმედებს: 1) გაეროს მიერ დაწესებული სანქციები, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს; 2) ევროკავშირმა შეიძლება გააძლიეროს გაეროს სანქციები უფრო მკაცრი და დამატებითი ზომების გამოყენებით; 3) ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.3

ევროკავშირის სანქციები ვრცელდება მისი ტერიტორიული იურისდიქციის ფარგლებში, აგრეთვე, ევროკავშირის მოქალაქეებზე ნებისმიერ ადგილას; კომპანიებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც გაერთიანებულია წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, მათ შორის, ევროკავშირის კომპანიების ფილიალებზე მესამე ქვეყნებში; ასევე, წევრი სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფ თვითმფრინავებსა და გემებზე.4

ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ზომები ასევე შეიძლება მიმართული იყოს მესამე ქვეყნების მთავრობებისა და ინდივიდების წინააღმდეგ. სანქციები, რომლებიც გამიზნულია ფიზიკური პირებისა და არასახელმწიფო სუბიექტებისთვის, ძირითადად,

მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.5 ევროკავშირს ასევე შეუძლია, მიიღოს სექტორული, ეკონომიკური და ფინანსური ზომები (მაგალითად, იმპორტისა და ექსპორტის შეზღუდვები, საბანკო სერვისების შეზღუდვა) ან იარაღის ემბარგო.6

სანქციების რეჟიმების შემუშავება კომპლექსური პროცესია, რომელიც სხვადასხვა აქტორს მოიცავს. სანქციების მიღების, შესწორების, მოხსნისა ან განახლების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო იღებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში განხილვის შემდეგ.7

სანქციების აღსრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს8 სისტემატურად მიეწოდებათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაწესებული შემზღუდველი ზომების შესახებ. ხოლო ისინი, ვინც შეუერთდებიან საბჭოს გადაწყვეტილებას, მას თავიანთ პოლიტიკასაც უსადაგებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში სანქციების საკითხი რეგულარულად განიხილება. ყველა მოქმედი შემზღუდველი ზომა მუდმივი განხილვის ქვეშაა და ფასდება, რამდენად უზრუნველყოფს შეზღუდვა დასახული მიზნების მიღწევას.9

ევროკავშირის სანქციები მიმართულია კონკრეტული პოლიტიკის ან აქტივობის, მათი განხორციელების საშუალებებისა და პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ევროკავშირის მიდგომა მოიცავს პოლიტიკურ დიალოგს და ნაკლებად არის ორიენტირებული დასჯაზე.10 თუ მის პრაქტიკას გადავხედავთ, ევროკავშირი მომთხოვნია როგორც წევრი ქვეყნების, ასევე სხვა სახელმწიფოების მიმართაც, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საყოველთაო წესრიგს და მშვიდობას.

კერძოდ, ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა უნგრეთი და პოლონეთი კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების დემოკრატიული სტანდარტების გაუარესების გამო.11 მართლმსაჯულების ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ვერ უზრუნველყოფდა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს, რაც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის კანონმდებლობას.12

უნგრეთის მიმართ ევროკომისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ არსებობს უნგრეთში ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების „არსებითი დარღვევის რისკი“.13 შეშფოთების მთავარ საგნად სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, კორუფცია, უმცირესობების უფლებები, მიგრანტებისა და ლტოლვილების მდგომარეობა დასახელდა.14

პოლონეთსა და უნგრეთს გარკვეული დრო მიეცა, რათა განემარტათ, როგორ აპირებდნენ გამოწვევების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები ემუქრებოდათ.15

მართლმსაჯულების ეროვნულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლონეთის და უნგრეთის სარჩელი, უკანონოდ ეცნო ევროკომისიის უფლება წევრი სახელმწიფოებისთვის დაფინანსების შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელს ხდის მათთვის საერთო ფონდიდან თანხებზე წვდომის შეჩერებას კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევაში. სასამართლომ განმარტა, რომ „წევრი ქვეყნები ბლოკში გაერთიანებით საერთო ღირებულებების, მათ შორის, კანონის უზენაესობის პატივისცემას კისრულობენ. ევროკავშირს ამ ღირებულებების დაცვა უნდა შეეძლოს“.16

2020 წელს ევროკავშირმა, სხვა პირებთან ერთად, დაასანქცირა ბელარუსის 8 სხვადასხვა რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ერთი თავმჯდომარე. მათი დასანქცირების აქტში წერია, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან „მრავალრიცხოვან პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ. მათი მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული სასამართლო

პროცესების დროს დაფიქსირდა დაცვის უფლებების დარღვევა“.17 მათ აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტი.18

2023 წლის მარტში ევროპელი მინისტრები შეთანხმდნენ, სანქცირებულთა სიაში დაემატებინათ რვა ირანელი.19 სასულიერო პირებს, მოსამართლეებსა და მაუწყებელს ბრალად ედებოდათ ირანის ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობაში აქტიური ჩართულობა.20

ევროკავშირმა თქვა, რომ ის აწესებდა ინდივიდუალურ სანქციებს სასამართლო ხელისუფლების წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ არასამართლიან სასამართლო პროცესებში სიკვდილით დასჯასა და მსჯავრდებულთა წამებაზე.21

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ევროკავშირს სანქციების ფართო არჩევანი და ერთდროულად სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს, თუმცა, ნათელია, რომ ის ამ საკითხს ფრთხილად ეკიდება. ევროკავშირის სანქციები მიმართულია იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მის ძირითად ღირებულებებს უქმნიან საფრთხეს. სანქციების დაწესება და მისი ყოველი შემდგომი გაფართოება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იმუშავა მან დასახული მიზნების შესასრულებლად.

სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციის სანქციებით, ცხადია, კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დადგინდება, მაგრამ ქვეყანა, რომლის გაცხადებული, კონსტიტუციით გამყარებული ნებაა ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება და ევროპული მომავალი, მეტად მგრძნობიარე უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი შენიშვნების მიმართ. მმართველი პარტია არაფრად აგდებს წლების განმავლობაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებას სისტემაში კლანური მმართველობის შესახებ და არ დგამს რეალურ ნაბიჯებს ძირეული რეფორმების გასატარებლად. მეტიც, სანქცირებული მოსამართლეების კვალდაკვალ, „ქართული ოცნება“ შეგნებულად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეისწავლოს. ამ ქმედებას ის მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად” აფასებს. იმავდროულად, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კვლავ პროცედურულ დახვეწაზეა ორიენტირებული და არ ითვალისწინებს სისტემურ რეფორმებს,

რომლებიც მიმართული იქნებოდა მთავარი გამოწვევის - კლანური მმართველობის წინააღმდეგ.

ავტორი: ნინო ნოზაძე

 

ბლოგი მომზადებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სისტემური და მოთხოვნაზე ორიენტირებული სასამართლო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში. შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.


1 Public Designations of Mikheil Chinchaladze, Levan Murusidze, Irakli Shengelia, and Valerian Tsertsvadze, Due to Involvement in Significant Corruption, Press Statement, U.S. Department of State, 5 April 2023, available athttps://www.state.gov/public-designations-of-mikheil-chinchaladze-levan-murusidze-irakli-shengelia-and-valerian-tsertsvadze-due-to-involvement-in-significant-corruption/ 4.05.2023.

2 ხშირად დასმული კითხვები ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება 7031C წესის საფუძველზე“, აშშ-ის საელჩო, 2023 წლის 5 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://ge.usembassy.gov/ka/fact-sheet-7031c-designations-of-georgian-officials-ka/, განახლებულია: 06.05.2023.

3 Different types of sanctions, ხელმისაწვდომია: https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/different-types/, განახლებულია: 25.05.23.

4 European Union sanctions, ხელმისაწვდომია: https://www.eeas.europa.eu/eeas/european-union-sanctions_en#10705, განახლებულია: 26.05.2023.

5 Different types of sanctions, ხელმისაწვდომია: https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/different-types/, განახლებულია: 25.05.2023.

6 European Union sanctions, ხელმისაწვდომია: https://www.eeas.europa.eu/eeas/european-union-sanctions_en#10705, განახლებულია: 26.05.2023.

7 იქვე.

8 ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნორვეგია, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.

9 Adoption and review procedure for EU sanctions, ხელმისაწვდომია: https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/adoption-review-procedure/, განახლებულია: 24.06.2023.

10 იქვე.

11 Causes For Serious Concern': EU Warns Hungary, Poland Over Rule Of Law, Media Freedom, 2021 წლის 20 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://www.rferl.org/a/hungary-media-freedom-rule-of-law/31368720.html, განახლებულია: 22.05.2023.

12 COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS, 2021 წლის 20 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52021SC0722, განახლებულია: 23.06.2023.

13 COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS, 2021 წლის 20 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52021SC0714, განახლებულია, 20.05.2023.

14 COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS, 2021 წლის 20 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:52021SC0722, განახლებულია: 23.06.2023.

15 Protecting the Rule of Law in Hungary and Poland, The Wilson Center, 2022 წლის ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.wilsoncenter.org/article/protecting-rule-law-hungary-and-poland, განახლებულია: 05.06.2023.

16 EU court ruling opens way for Brussels to act against Hungary and Poland, THE FINANCIAL TIMES, 2022 წლის 16 თებერვალი, ხელმისაწვდომია: https://www.ft.com/content/65a3f391-6e6c-4d2e-a17e-2e27fb86bd38, განახლებულია: 05.06.2023.

17 COUNCIL IMPLEMENTING REGULATION (EU) 2021/339 of 25 February 2021, Official Journal of the European Union, ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/eli/reg_impl/2021/339/oj, განახლებულია: 24.05.2023.

18 Timeline - EU restrictive measures against Belarus, European Council Council of the European Union, ხელმისაწვდომია,https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/restrictive-measures-against-belarus/belarus-timeline/, განახლებულია: 22.05.2023.

19 EU Extends Iran Sanctions to Judges, Clerical Council, Agence France-Presse, 2023 წლის 20 მარტი, ხელმისაწვდომია:https://www.voanews.com/a/eu-extends-iran-sanctions-to-judges-clerical-council-/7013784.html, განახლებულია: 23.06.2023

20 იქვე.

21 იქვე.