სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამუშაო ჯგუფები საქართველოს პარლამენტში

2022-12-26 12:27
Featured image

საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების ფორმატს მიმართა და სხვადასხვა საკითხზე თითო სამუშაო ჯგუფი შექმნა.  საინტერესოა, რა პროცედურებს ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი ამგვარ სტრუქტურებთან მიმართებით. 

სამუშაო ჯგუფები ნებისმიერი დაწესებულების ორგანიზაციული კულტურის ნაწილია. მათ, როგორც წესი, ქმნიან რომელიმე სფეროს ექსპერტების შემადგენლობით,[1] რათა განსაზღვრულ დროში თავი გაართვან კონკრეტულ ამოცანას.[2] სამუშაო ჯგუფების შექმნის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული საკანონმდებლო ორგანოებში.[3] საპარლამენტო ჯგუფებში ცალკეული დეპუტატები მრავალფეროვან მოსაზრებებს წარმოადგენენ, რა გზითაც ამ ჯგუფებს არსებითი წვლილი შეაქვთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე დელიბერაციულ პროცესებში.[4]

სამუშაო ჯგუფი ე.წ. „შერეული კომისიაა“.[5] ეს ინსტიტუტი კომპლექტდება როგორც დეპუტატებით, ისე მოწვეული სპეციალისტებით. მისი მთავარი დანიშნულებაა განსახილველი საკითხის ყოველმხრივი - როგორც პოლიტიკური, ისე ექსპერტული - შესწავლა და გამოკვლევა.[6]შესაბამისად, გადაწყვეტილებები ასეთ შერეულ კომისიაში უნდა მიიღებოდეს ჯგუფის წევრების მხრიდან ერთობლივად, კონსენსუსზე ორიენტირებული განხილვისა და საკითხის გარშემო საგნობრივი მსჯელობის შემდეგ.[7]

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება კომიტეტის დონეზე, მისი საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.[8] სამუშაო ჯგუფს ქმნის კომიტეტი, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე,[9] რომელიც მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისთვის (უფლებამოსილების დადგენისთვის) საჭირო ხმების ნახევრისა.[10] სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამ ჯგუფის შემადგენლობის, მიზნებისა და მუშაობის ვადების შესახებ.[11]

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თარიღს ჯგუფის ხელმძღვანელი განსაზღვრავს.[12]შეხვედრები ღია ფორმატით წარიმართება, თუმცა ჯგუფის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ამ ჯგუფის წევრის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება შეხვედრის დახურვის შესახებ.[13] ასეთ შემთხვევაში დახურულ შეხვედრაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს ხელმძღვანელი.[14] შეხვედრის შემდეგ დგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე შეხვედრის დასრულებიდან 14 დღის ვადაში.[15] გამონაკლისია დახურული შეხვედრა, როდესაც ოქმი არ ქვეყნდება.[16] გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ის კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილებითაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.[17]

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელსა და მის შემადგენლობასაც კომიტეტი განსაზღვრავს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის შეხედულებისამებრ, ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.[18]

როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფი, თავისი არსით, შერეული კომისიაა და აერთიანებს როგორც ექსპერტულ, ასევე პოლიტიკურ ძალისხმევას. შესაბამისად, რეგლამენტის ეს ნორმა არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა მხოლოდ დარგის სპეციალისტებით, ან პირიქით - მხოლოდ პარლამენტის წევრებით.[19] სრულად პარლამენტის წევრებით დაკომპლექტების შემთხვევაში ის დაემსგავსებოდა თემატური მოკვლევის ჯგუფს,[20] ხოლო სრულად ექსპერტებით ფორმირებისას - კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს.[21]

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ვადას ადგენს კომიტეტი.[22]ამგვარად, რეგლამენტით არ არის დადგენილი ჯგუფის უფლებამოსილების ფიქსირებული დრო, რაც, მისი შექმნის მიზნებიდან გამომდინარე, ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომიტეტს შეუძლია მისი ვადის გაგრძელებაც.[23] ამ ვადაში სამუშაო ჯგუფი კომიტეტს საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.[24]ეს ინფორმაცია 14 დღის განმავლობაში პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.[25]

 

 

 

ნინო კაპანაძე, საიას ანალიტიკოსი

ბლოგი შექმნილია 'საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის' (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად საქართველოს ახალგაზრდა ურისტთა ასოციაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

 

 


[1] Kevin Grigsby, Committee, Task Force, Team: What’s the Difference? Why Does It Matter? Academic Physician & Scientist, January 2008, ხელმისაწვდომია: https://www.aamc.org/media/21586/download, განახლებულია: 24.11.2022.

[2] About Working Groups, Task Forces and Networks, The European Organisation of Supreme Audit Institutions (EUROSAI), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3EZqtse, განახლებულია: 24.11.2022.

[3] Working Group on Science and Technology, Inter-Parliamentary Union, for democracy, for everyone, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3OBGpnU, განახლებულია: 24.11.2022; Role of Parliamentary Committees, Parliament of the Republic of South Africa, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3gvcroL, განახლებულია: 24.11.2022; Working Groups, the Federal Assembly – the Swiss Parliament, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3GI1ATl, განახლებულია: 24.11.2022. 

[4] The work of the parliamentary groups, Unity is strength – and it reduces the workload too, Landtag Niedersachsen, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3XrFZV4, განახლებულია: 24.11.2022.

[5] „იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება“, კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, 2019 წლის 17 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3V5ZW2b, განახლებულია: 24.11.2022.

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 46-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[9] იქვე.

[10] იქვე, 34-ე მუხლის მე-10 პუნქტი.

[11] იქვე, 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[12] იქვე, მე-4 პუნქტი.

[13] იქვე, მე-5 პუნქტი.

[14] იქვე.

[15] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

[16] იქვე.

[17] იქვე, მე-7 პუნქტი.

[18] იქვე, 1-ლი პუნქტი.

[19] ვახუშტი მენაბდე (ხელმძღ.), გიორგი ალავერდაშვილი, თორნიკე გერლიანი, ანა ჯაბაური, ნიკოლოზ ოდიკაძე, „საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, 81, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3VqX9jB, განახლებულია: 24.11.2022. 

[20] თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიძლება შეიქმნას აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, პარლამენტის წევრთაგან, კომიტეტის ან პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 155-ე მუხლი.

[21] კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 47-ე მუხლი; ვახუშტი მენაბდე (ხელმძღ.), გიორგი ალავერდაშვილი, თორნიკე გერლიანი, ანა ჯაბაური, ნიკოლოზ ოდიკაძე, დასახელებული ნაშრომი, 81. 

[22] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

[23] იქვე.

[24] იქვე. 46-ე მუხლის მე-7 პუნქტი.

[25] იქვე.