სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამთავრობო საათის უქონლობის საკითხისთვის

2020-01-21 12:33
Featured image

სამთავრობო/შეკითხვის საათის (Question Time) პროცედურა პირველად 1723 წელს, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ჩატარდა[1] და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა.[2]

შეკითხვის საათი საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმია,[3] რომელიც მთავრობისადმი დასმულ კითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს ეთმობა. ეს პროცედურა დეპუტატებისთვის ორ მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს: პირველი, სამთავრობო საათი კარგი საშუალებაა, რომ პარლამენტის წევრებმა ამა თუ იმ საკითხზე კომპეტენტური მინისტრისგან პასუხი მიიღონ და, აქედან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ინფორმირებულად და გააზრებულად წარმართონ, ასევე, პასუხის შესაბამისად განსაზღვრონ სხვა საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების საკითხი; მეორე, სამთავრობო საათი წარმატებით შეიძლება გამოიყენებოდეს სხვადასხვა თემის აქტუალიზების, საზოგადოების ინტერესების ფართო პოლიტიკური სპექტრისთვის მიწოდებისა და პოლიტიკური პროცესების გააქტიურებისთვის. შესაბამისად, მისი, როგორც საზედამხედველო ბერკეტის დატვირთვა სცდება  კაბინეტის წევრთაგან უბრალოდ ინფორმაციის მოპოვების მიზანს.[4]

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის არსებული რედაქცია არც „სამთავრობო საათს“ და არც რომელიმე სხვა ეკვივალენტურ პროცედურას არ ითვალისწინებს.[5] ასეთად ვერ ჩაითვლება მინისტრის საათი, რომელიც მთავრობის ცალკეული წევრის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშია და არა - აქტუალური საკითხების პერიოდულად დაყენებისა და კომპეტენტური მინისტრისგან (ან პრემიერისგან) მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობა. ამის კარგი დადასტურება თავად ამ პროცედურის იმპლემენტაციაა.

პრაქტიკიდან იკვეთება, რომ დეპუტატების მხრიდან სამთავრობო პროგრამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება. ამის მიზეზი ის არის, რომ სამთავრობო პროგრამა, ერთი მხრივ, ზოგადი ხასიათისაა, მეორე მხრივ კი, შეუძლებელია მან წინასწარ დაფაროს დეპუტატებისთვის საინტერესო და აქტუალური პოლიტიკური საკითხები. მინისტრების გამოსვლები მეტწილად ზოგადი და აბსტრაქტულია, პარლამენტარების კი - პირიქით. ისინი ცდილობენ, დისკუსია კონკრეტული და მიმდინარე საკითხების გარშემო წარიმართოს. ამის ფონზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, როგორც წესი, საგნობრივი და შინაარსობრივი მსჯელობა ნაკლებად მიმდინარეობს, რაც სწორედ იმას ადასტურებს, რომ ამ მექანიზმს არ აქვს ეფექტიანი კონტროლისთვის საკმარისი რესურსი. ამ დანაკლისის შევსება Question Time-ის პროცედურას შეუძლია. ის საუკეთესო საშუალებაა, დეპუტატებმა შესაბამისი თანამდებობის პირებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ.

სამთავრობო საათის მექანიზმის დამკვიდრება რომ მიზანშეწონილია, ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს. კერძოდ, ყველა შესწავლილ ქვეყანაში ეს მექანიზმი აქტიურად გამოიყენება. სამთავრობო საათის ჩატარების სიხშირე კი, ძირითადად, პლენარულ კვირაში ერთიდან რამდენიმე დღემდე მერყეობს.[6] ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები განსაზღვრავს შეკითხვის საათის ჩატარების არა კონკრეტულ დღეს, არამედ გამოყოფილი საათების მაქსიმალურ ოდენობას.[7]

გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, „სამთავრობო საათზე“ ზეპირი პასუხის მისაღებად კითხვის დასმა პარლამენტის ცალკეული წევრის, ხოლო იშვიათ შემთხვევაში - ფრაქციის (ან დეპუტატთა ჯგუფის) პრეროგატივაა. ამ უფლებით სარგებლობა ისეთ ნახევრად-საპრეზიდენტო, პრემიერი-პრეზიდენტის ქვეტიპის ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, ფინეთი, ლიტვა, სლოვაკეთი და ხორვატია, პარლამენტის 1 წევრსაც შეუძლია.[8] შესწავლილი საპარლამენტო ქვეყნებიდან მხოლოდ ლატვიის კანონმდებლობა[9] ადგენს, სულ მცირე, 5 დეპუტატის მოთხოვნას ზეპირი კითხვის წარსადგენად, ხოლო უნგრეთის,[10] ესტონეთის,[11] საბერძნეთის,[12] გერმანიის,[13] იტალიისა[14] და ესპანეთის[15] შემთხვევაში პარლამენტის 1 წევრიც საკმარისია.

 

სამთავრობო საათი პარლამენტის მიერ საზედამხედველო საქმიანობის საფუძვლიანად და ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია, რეგლამენტით დამკვიდრდეს სამთავრობო საათის მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბდება სტაბილურ, ორკვირეულ ინსტიტუტად (ყოველ სასესიო კვირაში) და ცალკეულ დეპუტატებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მთავრობის წევრებისგან პასუხების მიღების შესაძლებლობას მიანიჭებს.[16] კითხვის დასმისთვის უნდა განისაზღვროს ვადა, რომელიც შეიძლება იყოს სამთავრობო საათამდე 3 დღით ადრე.[17] მთავრობის წევრი ვალდებული იქნება, რეგლამენტით განსაზღვრულ დღეს მივიდეს საკანონმდებლო ორგანოში და ყველა კითხვას პირადად უპასუხოს.[18]

 

თორნიკე გერლიანი

პროექტის მოწვეული ექსპერტი

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო შესყიდვებზე საპარლამენტო ზედამხედველების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.

 


[1] Salmond, C.R., Parliamentary Question Times: How legislative accountability mechanisms affect citizens and politics, University of California, Los Angeles, ProQuest Dissertations Publishing, 2007, pp. 11;

[2] ავტორთა ჯგუფი, 20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2019, გვ. 64.

[3] Riccardo Pelizzo and Rick Stapenhurst, Tools for Legislative Oversight: An Empirical Investigation, World Bank Policy Research Working Paper 3388, 2004, p. 4, ხელმისაწვდომია: http://siteresources.worldbank.org/PSGLP/Resources/ToolsforLegislativeOversight.pdf, განახლებულია: 01.09.2019.

[4] იქვე.

[5] იქვე, გვ. 70.

[6] შეკითხვის (სამთავრობო) საათის ჩატარების სიხშირე ნახევრად-საპრეზიდენტო, პრემიერი-პრეზიდენტის ქვეტიპის რესპუბლიკებში შემდეგია: „კვირაში ერთხელ - ლიტვა, ფინეთი, ბულგარეთი; ყოველ სხდომაზე, ანუ კვირაში ოთხჯერ - სლოვაკეთი; ხორვატიაში პარლამენტი სასესიო პერიოდში თვეში ერთხელ იკრიბება და ყოველი შეკრებისას დღის წესრიგი იწყება „დილის შეკითხვის საათით“; საპარლამენტო ქვეყნებში კი შემდეგი სიხშირით ტარდება: კვირაში ერთხელ - ესტონეთში, უნგრეთსა და ლატვიაში; საბერძნეთში „მიმდინარე კითხვების“, იგივე ,,სამთავრობო საათის“, პროცედურა იმართება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.“ იტალიის დეპუტატთა პალატაში შეკითხვის საათი იმართება ყოველი სხდომის დაწყებისას, რისთვისაც მინიმუმ 40 წუთია გამოყოფილი. ავტორთა ჯგუფი, 20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2019, გვ. 64.

[7] გერმანიის ბუნდესტაგში სხდომების ყოველ კვირას შეკითხვის საათი იმართება არაუმეტეს 3 საათის განმავლობაში, ესპანეთში კი, ამ პროცედურისთვის 2 საათია გამოყოფილი (თუმცა, როგორც წესი, ის ოთხშაბათობით ტარდება). გერმანიაში, დამატებით, არსებობს შეკითხვის საათის მსგავსი ორი მექანიზმი, რომლებიც ასევე ზეპირი ფორმით დასმულ კითხვებსა და მათზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ზეპირად პასუხის გაცემის პროცედურას მოიაზრებს. პირველი არის ოთხშაბათი დღის შეკითხვის საათი, რომელიც იმართება მთავრობის ყოველკვირეული შეკრების შემდეგ და დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება. მეორე მექანიზმი ე.წ. აქტუალური საათია. ის საზოგადოების მაღალი ინტერესის მატარებელი კონკრეტული თემის განხილვას ეძღვნება, რომელიც მოკლე, ხუთწუთიან გამოსვლებსა და მოსაზრებების დაფიქსირებას გულისხმობს. 

[8] ავტორთა ჯგუფი, 20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2019, გვ. 71.

[9] Rules of Procedure of the Saeima of Latvia, art. 119, cl. 1.

[10] The rules and Procedure of National Assembly of Hungary, art. 42, cl. 8.

[11] Riigikogu Rules of Procedure and Internal Rules Act, art. 144.

[12] Standing Orders of the Parliament of Greece, art. 132, cl.2.

[13] Rules of Procedure of the German Bundestag and Rules of Procedure of the Mediation Committee, art. 105.

[14] Rules and procedures of Chamber of deputies of Italy, art. 128.

[15] Standing Orders of the Congress of Deputies of Spain, art. 185.

[16] ავტორთა ჯგუფი, 20 წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2019, გვ. 71.

[17] იქვე.

[18] იქვე.