საია იცავდა პირს, რომელიც 2013 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. 2020 წლის მარტში მის მიმართ დაიწყო დისციპლინური გადაცდომის საქმის წარმოება, რაც მისი სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით დასრულდა.
სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა, საია-ს დახმარებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ დაეთანხმა მოთხოვნებს, თუმცა, საქალაქო სასამართლოში პაექრობის ეტაპის დასრულების შემდგომ, მოპასუხემ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა. საბოლოოდ, მხარეები სასამართლო პროცესზე მორიგდნენ. მორიგების აქტის თანახმად, მოსარჩელე დასაქმდა სხვა სამსახურში და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა იმ ოდენობით, რასაც იგი გათავისუფლებამდე იღებდა.