სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე

2016-01-14 10:40
Featured image

უკიდურესი შეშფოთებით ვეხმაურებით 2016 წლის 12 იანვარს ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე განსხვავებული შეხედულების გამო სიძულვილის მოტივით თავდასხმის ფაქტს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი. ასევე, მნიშვნელოვანია, ქმედებას მიეცეს სათანადო კვალიფიკაცია და შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ.

2016 წლის 12 იანვარს რესტორან „ჭაშნაგირში“ უცნობი პირები თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და “ტაბულას” ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დააზიანეს რესტორნის ინვენტარი და ასევე დაემუქრნენ. თავდასხმის მიზეზი, თვითმხილველთა და დაზარალებულთა განცხადებით, “ტაბულას” მიერ ეკლესიის კრიტიკა გახდა.

გავრცელებული ვიდეოკადრებისა და თვითმხილველთა განცხადებების საფუძველზე საქმეში იკვეთება მუქარისა და ცემის  ნიშნები. ამასთან აღნიშნული ქმედების განხორციელება თავდამსმელების მხრიდან დემონსტრაციულად განსხვავებული შეხედულების გამო დაზარალებული პირების მიმართ სიძულვილის მოტივით მოხდა.  აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად  შსს-მ გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო და საერთოდ არ მიუთითა შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის თაობაზე, რაც ქმედების არაადეკვატური კვალიფიკაციაა.

აღსანიშნავია, რომ  უკანასკნელ პერიოდში, განსხვავებული შეხედულების გამო, განსაკუთრებით კი დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის და დისკურსის კრიტიკის გამო, ეს შეუწყნარებლობით მოტივირებული პირველი დანაშაული არ არის. 2015 წლის 15 ნოემბერს ცივი იარაღით დაჭრეს „სტუდიო კამპუსის“ დირექტორი მ. ხუნდაძე, რაშიც სწორედ განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მოტივი ფიგურირებდა,  თუმცა აღნიშნულის თაობაზე დანაშაულის კვალიფიკაციაში მითითებული არ ყოფილა.

“ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი უკანასკნელ პერიოდში სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდის ტენდენციას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკით არის განპირობებული.  

აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა სწორედ მათი პროფესიული საქმიანობის გამო მოხდა - თავდამსხმელთა თქმით, “ტაბულას” ჟურნალისტები ეკლესიას აგინებენ“, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ტელევიზიას იყენებენ. ამგვარ ფაქტზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება „გამყინავ ეფექტს“ იქონიებს გამოხატვის თავისუფლებაზე, რამაც განსხვავებული აზრის გამოხატვასა და  გავრცელებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ამ მიმართებაში აღშფოთებას იწვევს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადება, სადაც ის უარყოფს მედიის საქმიანობის ხელშეშლას. როგორც აღინიშნა, თავდამსხმელებმა მიუთითეს სწორედ ტაბულას საქმიანობა თავდასხმის მოტივად. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა მიმართული იყო სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ.

მსგავსი შემთხვევა, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირების არარსებობა გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ტენდენცია კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში მედიის თავისუფლებას და შესაბამისად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მეტიც, შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული ქმნის საგანგაშო პრეცედენტს, რამაც შესაძლოა მომავალში წაახალისოს ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე და მნიშვნელოვნად დააზიანოს მედია გარემო.

მიგვაჩნია,  რომ შეუწყნარებლობის ნიშნით ძალადობის ზრდისა და სიძულვილის წახალისებას ხელს უწყობს ასევე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკის გამოყენება, რომელიც ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება.  

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება, ისევე, როგორც ტოლერანტული გარემოს შექმნა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ბოლო პერიოდში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის მიზნით  სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არაეფექტური და არაადეკვატური პოლიტიკა კი ახალისებს  ძალადობრივ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს და ქვეყანაში სოციალური მშვიდობის, პლურალიზმისა და ღია დისკუსიების განვითარებას აფერხებს.    

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტსა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ სხვა ფაქტზე. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამნაშავეთა დროული გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია და უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი მედია გარემო. ასევე, მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ გამოძიების დასრულებამდე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისაგან, ვინაიდან მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ გამოძიების ობიექტურობასა და ეფექტურობაზე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

იდენტობა

კავშირი “საფარი”