2011 წლის 21 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სხვადასხვა დროს დაკავებული შვიდი ეთნიკურად ქართველი პირი გაათავისუფლეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა (SRJI) ხუთი მათგანის – ზვიად კობალაძის, დემურ ჭიღლაძის, დავით კაპანაძის, ბექა და ვაჟა თაყაძეების ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა (სტრასბურგის) სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოადგენს.
ბექა და ვაჟა თაყაძეები 2010 წლის თებერვლის თვეში გორის რაიონის სოფელ კირბალში, სანადიროდ წასულები, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ოსმა პირებმა დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჯგუფურად ედებოდათ. ცხინვალის ციხეში მათ ერთი წელი გაატარეს.
ზვიად კობალაძე, რომელიც ქართულ ჯარში მსახურობდა და მონაწილეობას იღებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ოსი სამხედრო პირების მიერ 2008 წლის 8 ნოემბერს ქარელის რაიონის სოფელ ავნევში იქნა დაკავებული. ოსეთის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოები მას ბრალად მკვლელობას, გენოციდსა და იარაღის უკანონო ტარებას დებდნენ. ზ. კობალაძე ორი წლისა და სამი თვის მანძილზე ცხინვალის ციხეში უკანონოდ იყო დაკავებული.
დემურ ჭიღლაძე და დავით კაპანაძე, მათ ორ მეგობართან ერთად 2009 წლის 27 თებერვალს ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისთან ოსმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს. ორი მათგანი მაშინვე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ დ. ჭიღლაძისა და დ. კაპანაძის გასათავისუფლებლად გამოსასყიდის სახით ექვსი ათას ევროს გადაიხდიდნენ. დემურ ჭიღლაძე და დავით კაპანაძე ამ დრომდე ცხინვალის ციხეში იმყოფებოდნენ. მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება ედებოდათ.
ზვიად კობალაძის, დემურ ჭიღლაძის და დავით კაპანაძის სახელით სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2009 წლის 17 სექტემბერს გაიგზავნა (ქარქიშვილი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საქმე 750135/09). სარჩელში საუბარია მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, როგორიცაა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა (მუხლი 3), თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მუხლი 5), სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6), პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მუხლი 8), სამართლიანი დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობა (მუხლი 13) და დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ასევე იცავს მალხაზ ახვლედიანის ინტერესებს, რომელიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ერთი წლისა და ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი 2011 წლის 11 თებერვალს გაათავისუფლეს.
მიუხედავად განთავისუფლებისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში ბოლომდე მიყვება აღნიშნულ საქმეებს, რათა რუსეთის ფედერაციას დაეკისროს მათ სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საიას ინფორმაციით ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში კვლავ რჩება რამდენიმე ეთნიკურად ქართველი, რომელთაგან ერთ-ერთის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა წარმოადგენს.