საია-ს თბილისის ოფისი იცავდა 2 პირის ინტერესებს, რომელთაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. პოლიციის მტკიცებით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილნენ.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურდებოდა, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყვეტილიყო პასუხისგებაში მიცემული პირების სასარგებლოდ.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება. თუმცა, ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სახელმწიფოს უფლება აქვს ჩაერიოს ამ ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ,,ultima ratio'', ადამიანის თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ მატერიალური ნორმით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმების ერთობლიობით“. ადამიანის მიერ აკრძალული ქმედების განხორციელებისას აუცილებელია გარკვეული ხარისხით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებათა და ინფორმაციათა ერთობლიობა, რათა სახელმწიფოს რეაგირება ლეგალური იყოს“. შედეგად, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.