სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი

2006-03-21 20:00
Featured image

21 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე დებულების კონსტიტუციურობის საკითხს ეხება.

 

საკონსტიტუციო სარჩელში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთო სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სადავო ნორმამ მისი  კონსტიტუციური უფლებები შელახა, კერძოდ 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ინფორმაციის მიღების უფლებასაც მოიცავს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცული უფლება გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. 

უფლებათა შელახვის მთავარ მიზეზს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები წარმოადგენენ, რომელთა მიხედვითაც დახურულია კონკრეტული ორგანოების (მაგალითად პარლამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და ა.შ) მიერ შექმნილი, მათში დაცული ნებისმიერ ტიპის ინფორმაცია, მისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინების გარეშე. ამ ყველაფერს ადასტურებს სასამართლო პრაქტიკაც. მეორე სადავო ნორმამ  ინფორმაციის თავისუფლების თავის მოქმედების მიღმა დატოვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა გარკვეული საქმიანობები (მაგალითად: სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულება და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა და სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება) და არა ამ საქმიანობის შედეგად შექმნილი კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მისი შინაარსიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით საიდუმლო ინფორმაციად იქნებოდა მიიჩნეული.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ყველა ფორმალურ მოთხოვნას. სარჩელის არსებითი განხილვის თარიღი უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.