სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

2020-11-12 21:09
Featured image

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი საქმეზე - „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქმეში სადავოდ იყო გამხდარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სანქციის სახით ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის უპირობო, სავალდებულო კონფისკაციას.

მოსარჩელე კომპანიის მიერ სათანადო ლიცენზიის მიღმა განხორციელდა 1მ3 ქვიშის მოპოვება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 20 თეთრს, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა − 201 ლარს, საიდანაც 200 ლარი წარმოადგენდა სალიცენზიო მოსაკრებლის ღირებულებას, ხოლო გარემოსათვის მიყენებული ზიანის წმინდა ოდენობა შეადგენდა 1 ლარს. აღნიშნული ქმედებისთვის მას პასუხისმგებლობა დაეკისრა სადავო ნორმის საფუძველზე და დამატებითი სახდელის სახით ჩამოერთვა ტრაქტორი რომლის ღირებულებაც შეადგენდა 54 650 აშშ დოლარს. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ გასაჩივრებული მუხლი სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებლობა. მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, გაეთვალისწინებინა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოები, უმართლობის ხარისხი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნების მახასიათებლები თუ სხვა რელევანტური გარემოებები და მოეხდინა ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაცია.  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების გამო სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა  აუცილებლობისა და თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს და გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) მიმართებით. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.