2017 წლის 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მიერ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს (სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით). კანონი არ თვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად ყოფილიყო მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები. მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მერი/გამგებელი იქნა არჩეული, მთელს საქართველოში კონკურსით შერჩეული გამგეობის/მერიის სამსახურის ყველა უფროსი კარგავდა თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არ ეხება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს.
სარჩელი შეტანილი იქნა ხაშურის გამგეობის კულტურის და განათლების სამსახურის უფროსის ოლეგ ლაცაბიძის სახელით, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუწყდა უფლებამოსილება.