საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის 28 თებერვალს, იწყებს ანა დოლიძის სარჩელის არსებით განხილვას. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ წესს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას მის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ წინასწარი საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში. სარჩელის მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან მისი აცილების შემთხვევაში საბჭოს წევრი ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მისთვის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევისათვის, დაკისრებულ არსებით ფუნქციას, რის გამოც მას ეზღუდება საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს საბჭოს წევრი მოქმედებს არა პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, არამედ საზოგადოებრივ ინტერესის დაცვის მიზნით – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა.
სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში საია წარმოადგენს.
ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.